27 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
ძალადობა ელექტროშოკით და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების მუქარა - რას ყვება ბიზნესმენი "კურიერთან"

ბიზნესმენ თენგიზ ერგემლიძეს, რომელიც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, ბრალი წარუდგინეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

თენგიზ ერგემლიძე "კურიერთან" ყვება, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში არასაკმარისი და შესაძლოა, გაყალბებული მტკიცებულებები იყოს.

არასაკმარის მტკიცებულებებზე ერგემლიძე მასთან დაკავშირებულ მეორე საქმესთან მიმართებაშიც საუბრობს. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მისი განცხადების საფუძველზე აღიძრა, 181-ე გამოძალვის მუხლით მიმდინარეობს.

ერგემლიძის თქმით, 2018 წლის 12 ივლისს, მას ახლა უკვე ყოფილი ბიზნესპარტნიორები დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. მათთან სახლში მისვლის შემდეგ კი სარდაფში ჩაიყვანეს და კერძო სასესხო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას აიძულებდნენ. დოკუმენტის მიხედვით, მას დათქმულ დროს მათთვის 60 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, როგორც დაზარალებული ამტკიცებს, მას სასტიკად გაუსწორდნენ და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებითაც დაემუქრნენ. IT სპეციალისტის მტკიცებით, დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ელექტროშოკი ეჭირა. "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ჩხუბის დაწყებამდე კონფლიქტის ერთ-ერთ მონაწილეს, ზაალ წილოსანს, სავარაუდოდ, ელექტრომოწყობილობა უჭირავს.

ფიზიკური ანგარიშსწორების და სხეულზე დაზიანებების კვალი გამოძიებაში არსებულ ფოტომტკიცებულებებშიც ჩანს. თენგიზ ერგემლიძის თქმით, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ივანე მაჭავარიანმა, რომლის სარდაფშიც თენგიზ ერგემლიძის მტკიცებით, მას სასტიკად გაუსწორდნენ, ​"კურიერთან" გამოჩენა და შესაძლო გამოძალვაზე საუბარი არ ისურვა.

არასწორად ჩატარებული ჩხრეკა და უზუსტობები გამოკითხულ პირთა ჩვენებებში - ეს ის ძირითადი დარღვევებია, რომელზეც თენგიზ ერგემლიძის ინტერესების დამცველი საუბრობს. ადვოკატის მტკიცებით, დაცვის მხარეს სრულყოფილად არც საქმის მასალა ჩაბარებია.

შესაძლო გამოძალვის და ცემის მუხლით დაწყებული გამოძიებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა. საია თენგიზ ერგემლიძის ინტერესებს დაიცავს. იურისტები საგამოძიებო უწყებას საქმის არასწორი მიმართულებით წარმოებისკენ მიუთითებენ და გამოძიების ობიექტურად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

თენგიზ ერგემლიძის მიმართ გამოძალვის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, კონკრეტული პირის ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის. დაიკითხნენ მოწმეები და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. IT სპეციალისტის საქმეზე, სადაც გამოძიება მას ცემას ედავება, სასამართლო პროცესი ნოემბრის ბოლოს არის დანიშნული.

დღის ამბები