20 ნოემბერი 2019,   14:06
ვრცლად
ფილმზე დასასწრებად მისულმა მოქალაქეებმა შემოწმება სპეციალურ დეტექტორზე უნდა გაიარონ 

ერთ საათზე ნაკლები ფილმის პრემიერამდე - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმზე დასასწრებად მისულმა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონი უნდა გაიარონ. ისინი ასევე შემოწმდებიან სპეციალურ დეტექტორებზე, რომელიც უსაფრთხოების მიზნით შენობებში დაამონტაჟეს.

მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა მაყურებელს ჰქონდეს ბილეთი ნაყიდი. ერთ-ერთმა მოქალაქემ კინოთეატრ "ამირანში" ლგბტ+ თემის დროშაც მიიტანა. 

უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების მიღება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გარკვეულმა ჯგუფებმა კინოდარბაზების ბლოკირება და ჩვენების ჩაშლა დააანონსეს.

"განცხადება წავიკითხე კინოაფიშაზე, რომ ცოტა ადრე მოდითო. გადავწყვიტე არ გამოვიწვიო იმათი გაღიზიანება, რადგან ვატარებ საყურესაც და ეგენი მაგაზეც რეაგირებენ ცუდად და შემოვლითი გზებით მოვედი, რომ ვყოფილიყავი ადრე აქ, რომ ფილმისთვის მეყურებინა. მთავარი ინტერესი მაქვს ფილმი და არა გავაღიზიანო რაღაც ჯგუფი. გვეუბნებიან არ უყუროთო, ამ დროს, თვითონ უყურეს. მეც მაქვს უფლება რომ ვუყურო,“ - ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი. 

მაყურებლების ნაწილი, რომლებიც კინოთეატრ "ამირანში“ მივიდნენ, უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო, კინოთეატრში მათი დაშვება ჩხრეკისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხდება.

"დისკომფორტია ჩემთვის, ფილმზე მოვდივარ და არ უნდა სჭირდებოდეს სახელმწიფოს ჩემი გაჩხრეკა, იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ჩემი შემოშვება კინოთეატრში“ - ამბობს ერთ-ერთი მაყურებელი.

კინოთეატრში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ცოტა ხნის წინ, ტერიტორია კინოლოგებმაც დაათვალიერეს.

ფილმის ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისის 5 კინოთეატრში გაიმართება, ასევე ბათუმის კინოთეატრ "აპოლოში". ყველა მათგანთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. 

დღის ამბები