27 აპრილი 2024,   04:58
ვრცლად
"არ დავიშლებით, სანამ ეს ნაძირლები საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ" - რუსთაველზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია ახალი ძალებით განახლდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა პოლიტიკური ძალა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაერთიანდეს.

"მიიღეს შედეგები, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ესენი ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში და თქვეს, ჩვენ არ გვაინტერესებს ხალხის ნება, არ გვაინტერესებს რას ფიქრობს საზოგადოება, ჩვენ ძალაუფლებას ვაყრდნობთ ძალოვან სტრუქტურებზე და ამიტომაც მოხდა საკვანძო თანამდებობებზე ძალოვანი მინისტრების დომინირება, მისი მცველების და საფერფლიდან ამოღებული ბიჩოკების.

სახეზეა სახელმწიფოს მიტაცება,  შესაბამისად პროპორციული ჩააგდეს, აღარ აქვთ იმედი, რომ უმრავლესობა მათ მხარს დაუჭერს, ეს აჩვენებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ. აუცილებელია ბიძინა ივანიშვილი, ეს პლუტოკრატი ჩამოშორდეს ხელისუფლებას და საქართველოს პოლიტიკას. 1948 წელს მიღებულ ადამიანთა უფლებების საყოველთაო კონვენცია ამბობს, თუკი ხელისუფლება გადაიზარდა ტირანიაში, მაშინ ხალხს აქვს აჯანყების უფლება. ჩვენ ვუყურებთ სამივე ხელისუფლების მიტაცებას - სასამართლო, საკანონმდებლო, აღმასრულებელი,"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, მაჟორიტარების "ურჩობა" ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი იყო, რისი საბოლოო მიზანიც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება იყო. დიღმელაშვილის თქმით, მოძრაობა "სირცხვილია" ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველას თანამშრომლობას სთავაზობს.

"ეს არ არის მონების აჯანყება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი გეგმა, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების მიტაცება და ეს გადააბრალოს სხვას.  ჩვენ, სოციალური მოძრაობა "სირცხვილია" ყველა სხვა ინტერესთა ჯგუფთან, ვთავაზობთ თანამშრომლობას. ერთად ერთის წინააღმდეგ. ივანიშვილს არ უნდა დავანებოთ ჩვენი სამშობლო, ძალაუფლება ხალხს, ჩვენ არ დავიშლებით სანამ ეს ნაძირლები საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ და თუ არ ალოკავენ ავალოკინებთ,"- მიმართა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს. 

დღის ამბები