26 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს - ნინო წილოსანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" მდივანი, ნინო წილოსანი არ ეთანხმება  მოსაზრებას, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა  არსებულს სჯობს.

ნინო წილოსანის მოსაზრებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის, რაც მისი თქმით, საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.

"მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს. ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ჩემი პოზიციის დასაცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმარისია, ვახსენო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვეების განმავლობაში დაუკომპლექტებელ მთავრობას (გერმანია, ესპანეთი), კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან. რაც ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სერიოზულად დამაზიანებელი იქნება. “-განაცხადა წილოსანმა. 

მისი თქმით,  სწორედ ამიტომ განისაზღვრა 2020 წელი ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებებისას გარდამავალ ეტაპად და მიეცა პარტიებს გაძლიერებისა და საერთო პოლიტიკური კულტურის ამაღლების საშუალება.

„ამას ემატება ის, რომ მე თითქმის ოთხი წელია, მჭიდროდ ვურთიერთობ ჩემი ოლქის ამომრჩევლებთან. მათთან ერთად შევძელი გამეხორციელებინა არაერთი პროექტი და ვმუშაობ ახალ გამოწვევებზე. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩემი შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დახმარება იყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, ზემოხსენებული პროექტების განხორციელებაში. 

ეს და სხვა არაერთი არგუმენტი გახდა მიზეზი იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში თითოეულ დეპუტატს ჩვენი არჩევანი დაგვეფიქსირებინა.

და ბოლოს, როგორც ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, ესეც თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება ხალხის ნდობაში," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები