27 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
როგორ უნდა ჩატარდეს მომავალი არჩევნები - კონსტიტუციონალისტები კრიზისიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტს ასახელებენ

პოლიტიკური კრიზისი თუ მიზანმიმართულად შექმნილი ქაოსი - რა იქნება გამოსავალი, რომლის მიხედვითაც უნდა იყოს გათვალისწინებული მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესი. როგორია კანონმდებლობა და გზები, ვითარების გასანეიტრალებლად.

კონსტიტუციონალისტების თქმით, ყველაზე მისაღები იქნებოდა პროპორციული სისტემაზე გადასვლის ხელახალი ინიცირება, თუმცა ისინი ე,წ გერმანულ მოდელზეც საუბრობენ, რომელიც გულისხმობს ცვლილებებს არა კონსტიტუციაში, არამედ საარჩევნო კანონში.

ვახუშტი მენაბდის თქმით, გერმანული მოდელი მაჟორიტარებს პრობლემას არ უქმნის. კონსტიტუციონალისტმა საარჩევნო მოდელის დეტალებზეც ისაუბრა:

"მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები გერმანულ მოდელში მექანიკურად არ ჯამდება. წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყნის პარლამენტი შედგება 100 დეპუტატისგან, 50 არის მაჟორიტარი 50 პროპორციული წესით.  არჩევნებში მიიღო პარტიამ მონაწილეობა და მიიღო ხმების 50% , თუმცა მოიგო 50-ვე მაჟორიტარული ოლქი, ამ შემთხვევაში ის 50 მაჟორიტარს შეიყვანს თუმცა პროპორციული არჩევნების შედეგები გაუუქმდება იმისთვის, რომ  არ მოხდეს აცდენა მიღებულ ხმებსა და საპარლამენტო წარმომადგენლობის პროცენტებს შორის," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პრობლების გადაწყვეტის ყველაზე მისაღებ ვარიანტად კანონპროექტის თავიდან ინიცირება მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია:

"შესაძლოა ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყოს კონსტიტუციის შეცვლა, თუ ეს ასე არ მოხდა, ასევე შესაძლებელი იქნება არსებული სისტემის ფარგლებში შემდგომ  ვისაუბროთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე და არსებული 73 მანდატი სხვა ფორმით გადანაწილდეს," - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის გააზრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

"თუ ხელისუფლება გაიაზრებს პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე და ეცდება, რომ გამოასწოროს, არის სხვადასხვა გზები, როგორ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს, ერთი ეს არის ხელახალი ინიცირება ან იმავე, ან სახეცვლილი კანონპროექტისა და მისი დაჩქარებულ ვადებში მიღება, შეიძლება ასევე იყოს რეგიონულ-პროპორციული მოდელი, სადაც მაჟორიტარების ეს წუხილებიც გათვალისწინებული იქნებოდა," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სახალხო დამცველის აპარატში პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ და პროპორციული საარჩევნო სისტემის უალტერნატივობაზე საუბრობენ:

"ჩვენ ბუნებრივია მხარს ვუჭერდით ცვლილებებს, რომელიც ინიცირებული იყო. მიგვაჩნია რომ ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტა. იმედს ვიტოვებთ, რომ მოხდება ხელახლა ინიცირება და მიღება"- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.

დღის ამბები