27 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
6 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ფაქტს უარყოფს ბავშვის დედა და "კურიერს" სხვა დეტალებს უყვება

ბელორუს მცირეწლოვან ბავშვზე მშობლები საქართველოში დავობენ. ეს თემა "კურიერმა" რამდენიმე დღის წინ გააშუქა.

6 წლის ბიჭის მამა ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი მეუღლის ქმარი ბავშვზე ძალადობს. საწინააღმდეგოს უყვება "კურიერს" დღეს ბავშვის დედა და მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფს. ორივე მხარე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

6 წლის ბიჭის დედის უფლებადამცველი "კურიერს" სულ სხვა ისტორიას უყვება. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ბელორუსიელ ბიჭზე ძალადობაში მამის გავლენა დაადგინა, განაჩენის მიხედვით კი არასრულწლოვანი დედას მიაკუთვნა.

როგორც ბავშვის დედის ადვოკატი ირაკლი შავაძე ყვება, ძალადობა ბავშვზეც და დედაზეც  მამის მხრიდან ხორციელდება. ექსპერტის პასუხებს, რომლებითაც ბიჭზე არასრული ძალადობის კვალი ვლინდება, უფლებადამცველი ეჭვქვეშ აყენებს.

"კურიერში" რამდენიმე დღის წინ გასულ რეპორტაჟში ძალადობის ფაქტებს მამაკაცი და ბავშვიც დეტალურად იხსენებდნენ, მონათხრობი საკმაოდ მძიმე იყო.

მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფენ დედაც და მისი უფლებადამცველიც. ირაკლი შავაძის განმარტებით, არასრულწლოვნის მამამ ძალადობის ფაქტებზე საუბარი დაგვიანებით, ბელორუსიის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო. მისივე თქმით, გამოძიება გაგრძელდა, თუმცა ბავშვზე ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები იქ არ დადასტურდა.

ბავშვის მამის უფლებადამცველი ექსპერტიზის დასკვნებზე ამახვილებს ყურადღებას და ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებს. ილია მახარაძე გამოძიების ხარვეზებზეც საუბრობს.

6 წლის ბიჭის დედა ახლა საქართველოშია, მას სასამართლო განჩინების საფუძველზე უფლება აქვს შვილთან ერთად ბელორუსიაში დაბრუნდეს, თუმცა როგორც თავად განმარტავს, ყოფილი მეუღლე ბავშვს უმალავს. დედა შვილზე ძალადობის ფაქტებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ბავშვი მამის გავლენის ქვეშაა.

არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ ყოფილი მეუღლისთვის ბავშვთან ურთიერთობა არასდროს დაუშლია. ის არასრულწლოვანზე გარკვეულ ზეგავლენასაც უარყოფს.

6 წლის ბავშვთან ახლა სოციალური სამსახური და ფსიქოლოგი მუშაობს. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მისთვის მთავარი მხოლოდ ბავშვის ინტერესებია, რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი დედასთან დაუყოვნებლივი აღსრულების წესით უნდა დაბრუნდეს- მუშაკი არ ეთანხმება.

ბავშვის მამა თავის უფლებადამცველთან ერთად სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას აპირებს, პარალელურად სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ ბავშვის დედა და მისი ადვოკატიც. სიმართლის დადგენამდე კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვზე დედამ უნდა იზრუნოს.

ოჯახი ამჟამად ბათუმში იმყოფება და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ორივე მხარე საქართველოში განაგრძობს.

დღის ამბები