27 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
"რუსებს ჰყავდათ ცრუ დიმიტრი, ჩვენ გვყავს ცრუ ბიძინა და ამას არ მოვითმენთ" - დავით ბერძენიშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური აქციის დროს, მომიტინგეებს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა მიმართა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილს საქართველოს საბჭოეთში დაბრუნება სურს და ამის ნიშანია, ისიც რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს.

"ივანიშვილმა სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის გულანთებული პატრიოტები პოლიტპატიმრებად აქცია, თავისუფლება ბესიკ თამლიანს, თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები გვყავს. სამი ათეული წლის განმავლობაში, ეს მაინც დავიმსახურეთ და მოვიპოვეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით პატიმრები არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს, თავის საბჭოეთში გვაბრუნებს.

არამარტო 20 ივნისს აკადრა უკადრებელი ქართველ ერს, კიდევ უფრო მძიმე რამ ჩაიდინა, არავის არ გასვლია, ამდენი მგონი არცერთ მის წინამორბედს არ უკადრია, აქ ამ დარბაზში შეპირებული პროპორციული სისტემა უკან წაიღო. რუსებს ჰყავდათ ცრუ დიმიტრი, ორი თან. ჩვენ გვყავს ფლიდი, მატყუარა, ცრუ ბიძინა და ჩვენ მას არ მოვითმენთ,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილმა იმ მოთხოვნებზეც ისაუბრა, რომელზეც ოპოზიცია და მომიტინგეები შეთანხმდნენ.

"როგორ უნდა გადავაგდოთ, როგორ და არჩევნებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე ეს არის საქართველო პროპორციული არჩვნებით, აი ეს არის გზა. ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმებული ვართ, რომ არჩევნები უნდა იყოს ვადამდელი, პროპორციული და არჩევნები უნდა ჩაატარონ მთავრობის მოვალეობის შემსრულებლებმა, ეს მთავრობა უნდა გადადგეს.

მთავრობის გადადგომას სჭირდება ფორმალურად 76 ხმა პარლამენტში. ბევრი კი არ აკლია უკვე ოპოზიციას, ნელ-ნელა იფხრიწება "ქართული ოცნება". 90-ზე ჩამოვიდა და 76-ზე ნაკლებზეც ჩამოვა და გადამდგარი იქნება მთავრობა. უნდობლობას მიიღებს ეს მთავრობა. მათი მოვალეობის შემსრულებელი, შეშინებული ადმინისტრაცია, კონტროლირებადი საარჩევნო კომისიით, საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი ქართული არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით, ჩვენ გამოვღლეტთ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას, ქართველი ერი გამოღლეტს,"- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

"რესპუბლიკელების" ლიდერმა ოპოზიციის ერთიანობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ განსხვავებული წარსულის მიუხედავად მათ საერთო მიზანი აქვთ. ბერძენიშვილმა მხარდაჭერა იმ სასულიერო პირებსაც გამოუცხადა, რომლებიც უკრაინის ავტოკეფალიას მხარს უჭერენ.

"უშეცდომო არავინ არ ვართ, ჩვენ ვცნობთ ერთმანეთის უფლებას განსხვავებულ წარსულზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთმანეთის მიზანი წინ თავისუფლებისკენ , წინ ევროპისკენ, ნატოსკენ. ჩვენ ყველასი ვართ, ჩვენ ვართ რელიგიური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ ეთნიკური უმცირესობების ქვეყანა, ჩვენ ვართ სექსუალური უმცირესობების ქვეყანა. ჩვენ ევროპული ერი ვართ, არ გვეშინია ტაბუების, ამიტომ მივესალმებით ყველა მაგარ სასულიერო პირს, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიას უჭერს მხარეს,"- განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღის ამბები