27 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
ნუ ჩაუდგებით ჯიბრში ქართულ საზოგადოებას და ქვეყნის ინტერესებს - ანა ნაცვლიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო“ დგას იქ, სადაც დგას ქართული საზოგადოება და შეუერთდება ყველა პროტესტს, რომელიც იქნება სამართლიანი - ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ლელო" დგას ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე პროტესტს გამოხატავენ.

“ზუსტად იმიტომ, პატივცემულო მმართველი პარტიის ლიდერები, რომ 30 წელია გვაქვს ასეთი საარჩევნო სისტემა, ამიტომ ტრიალებს ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე და ამიტომ ვერ დავიწყეთ გარღვევა ამ მოჯადოებული წრის. ამის შესაძლებლობას იძლევა სწორედ ის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ახალი სისხლი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი და ერთხელ და სამუდამოდ, პარლამენტმა რეალურად ასახოს ქართველი ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქეების ნება და არა რაიმე სხვა ინტერესი. დღევანდელი ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, განსხვავებული წარსულით და განსხვავებული წარსულით და განსხვავებული მომავლის ხედვებით, მაგრამ ერთიანი იმაში, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი საარჩევნო სისტემით. ამასთან, ის პროტესტი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რუსთაველზე, არ არის მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პროტესტი,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

"ლელო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლებას ამ კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის პოვნა ევალება.

“მოგიწოდებთ, რომ იაზროვნოთ და მოიქცეთ სახელმწიფოებრივად, ნუ ჩაუდგებით ჯიბრში ქართულ საზოგადოებას და ქვეყნის ინტერესებს. ყველანაირი პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე დაგეკისრებათ თქვენ"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ 20 ივნისის მოვლენები არ განვითარდება. 

 

დღის ამბები