08 მაისი 2024,   07:31
ვრცლად
"სინამდვილეში ივანიშვილისთვისაა განაჩენი გამოტანილი" - სასჯელი აქციაზე დაკავებულებისთვის

 

აქციაზე დაკავებული 37 ადამიანიდან სასამართლომ 12-ის საქმეზე გადაწყვეტილება გვიან ღამით გამოიტანა.

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ იყო ნაკარნახევი.

"ეს არის ჩემთვის საჩუქარი. ჩემი ორი სამსახურიდან ვერცერთს ვერ მოვთხოვდი ერთკვირიან შვებულებას. ახლა ერთ კვირას გავატარებ კითხვაში, ფიქრსა და ძილში. ივანიშვილს ჰგონია, რომ პატარ-პატარა ზეწოლები შერჩა ძალის დემონსტრირებისთვის. იმას ფიქრობს, სად როგორ მიაჭიროს, რომ მიიღოს ის, რაც მას უნდა, მაგრამ ვერ მიაჭერს ისე, რომ ის მიიღოს, რაც უნდა. სინამდვილეში მისთვის არის განაჩენი გამოტანილი," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თეონა ზაქარაშვილის განმარტებით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"სასამართლომ 2 დღიანი ფარსის შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება გააფორმა, რომელიც მიღებული იყო არა სასამართლოში, არამედ პოლიტიკოსების მიერ. სასამართლო გამოყენებული იყო ამ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერად, - აღნიშნა თეონა ზაქარაშვილმა.

"საქართველოს დემოკრატიილი ინიციატივის" თავმჯდომარის გიორგი მშვენიერაძის შეფასებით კი სასამართლომ ბრალდებულებისთვის მძიმე სანქციები გამოიყენა. 

დაკავებულთაგან 10 დემონსტრანტს 3-დან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს - 1000 ლარიანი ჯარიმა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, 25 პირის საქმის განხილვა კი ისევ გადაიდო.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ ადვოკატები. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების განცხადებით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

დღის ამბები