27 აპრილი 2024,   05:48
ვრცლად
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა "რუსთავი 2-ს" დაუდასტურა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ფორმაა.

ფოფხაძის თქმით, პარლამენტში ერთადერთი დეპუტატია, ვინც კომიტეტის გაცდენის გამო დააჯარიმეს.

"მიმაჩნია, რომ მაჯარიმებენ მხოლოდ იმიტომ, "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ვარ, სხვა მოტივაცია ამას არ აქვს. მე ვიყავი "ოცნებაში" და გაცდენებთან დაკავშირებით არასდროს პრობლემა არ მქონია. ჩემ გარდა კომიტეტის გაცდენის გამო არც არავინ დაუჯარიმებიათ. პარლამენტში ვარ ერთადერთი, ვინც გაცდენის გამოა  დაჯარიმებული," - განუცხადა ფოფხაძემ "რუსთავი 2-ს".

როგორც ფოფხაძე აცხადებს, უმრავლესობის რამდენიმე წევრი  სხდომებს ხშირად აცდენს და მათზე არანაირი სანქცია არ ვრცელდება.

"მაშინ, როცა უმრავლესობაში კახა ოქრიაშვილი და ილია წულაია არიან, რომელთაც ბიზნესები აქვთ, მილიონებს შოულობენ და აცდენენ სხდომებს, არავინ აჯარიმებს. მაგათ საერთოდ პარლამენტის წევრობის უფლება უნდა შეუწყვიტონ," - განაცხადა ფოფხაძემ.

"უსაფუძვლოდ მაჯარიმებენ. დისკრიმინაციულია ის მუხლი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატს არ აქვს საშუალება უფლებამონაცვლე მონახოს. მე შესაძლებელია რაიონში ვიყო, უცბად დანიშნოს ვიღაცამ განათლების კომიტეტი და ვერ მოვახერხო ჩამოსვლა. ასეთ შემთხვევაში ვერავინ შემცვლის, მაშინ, როცა რეგლამენტის თანახმად, ფრაქციებს აქვთ საშუალება თავისი უფლებამონაცვლე წარადგინონ.

დეპუტატები, რომლებიც ფრაქციაში არიან, უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, სხდომებზე, რომელზეც მედავებიან გააცდინეო, ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ სხდომის ჩატარების შესახებ. უმრავლესობის წევრები უპრობლემოდ აწერენ ხელს, რომ სხდომას ესწრებოდნენ და მიდიან, სადაც უნდათ," - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

დღის ამბები