07 დეკემბერი 2019,   20:18
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია - ციხელაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია. მთელი პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ დაკავებული ექიმი უპირობოდ გათავისუფლდეს - მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დეტალები გაფრინდაშვილის ოჯახს სახელმწიფო მინისტრმა მიაწოდა.

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება არანაირი ფორმით არ აპირებს ე.წ. სამართლებრივ პროცესებში შესვლას და პირველ რიგში სწორედ დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"ოჯახს მეორედ შევხვდი, ძალიან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და მათ დეტალურად გავაცანი, რა არხებით და რა ფორმებით მიდის მუშაობა, რა ინფორმაციას ვფლობთ ამ ეტაპზე. სწორედ ამიტომ გაკეთდა დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც განცხადება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება და ნებისმიერი მოქმედება, როგორც მედიაში, ისე პოლიტიკური სუბიექტისა თუ სხვა ნებისმიერი აქტორის მხრიდან, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და პირველ რიგში, სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე.

ყველას მინდა ვთხოვო, რომ ეს გაითვალისწინონ. ამ საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან რთული ფონია. სიახლე არავისთვის არ არის თუ რა რეჟიმთან და როგორ გვიწევს მუშაობა," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები