07 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
ორმხრივი სროლა სოფელ ლაჯანაში - 2 პოლიციელს შორის დაწყებული კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა

ორმხრივი სროლა სოფელ ლაჯანას საზოგადოებრივ ცენტრთან - 2 პოლიციელს შორის დაწყებული კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა. ცაგერის პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურეობრივი იარაღებიდან ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, მიყენებული დაზიანებებით ორივე მათგანი გარდაიცვალა.

პოლიციელების, რომეო მანდარიასა და გოჩა ონიანის მკვლელობას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს. 65 წლის მურთაზ სილაგაძეს ბრმა ტყვია მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, პოლიციის თანამშრომლები სწორედ დაჭრილის სახლში სვამდნენ, ადგილზე დაწყებული კონფლიქტი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებმა ქუჩაში გააგრძელეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილი "ქართული ოცნების" დეპუტატის კარლო კოპალიანის სიძეა. პარლამენტის წევრის თქმით, დიდი ხნის მეგობრებს შორის კონფლიქტი ყოფით საკითხებზე დაიწყო, რაც მძიმე შედეგით დასრულდა.

პასუხგაუცემელ კითხვებს მთავარმა მოწმემ უნდა უპასუხოს, რომელიც ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშა არის.

"კურიერის" ინფორმაციით, მურთაზ სილაგაძის სახლში ორ პოლიციელს შორის დაპირისპირება სამსახურეობრივ მორიგეობას უკავშირდებოდა. რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღები, ასევე არსებობს არაერთი კამერის ჩანაწერიც.

დღის ამბები