03 მაისი 2024,   11:02
ვრცლად
"თუ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შეიტანონ ცვლილება ამ კონსტიტუციაში" - მენაბდე საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა ისევ ე.წ. გერმანული მოდელის შემოღებაა. ლიდერები ამ მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტს საერთაშორისო საზოგადოებას უგზავნიან.

კონსტიტუციონალისტები თანხმდებიან, რომ გერმანული მოდელი ქვეყნის კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია აღნიშნავს, რომ გერმანული მოდელის ცალსახად არაკონსტიტუციურად გამოცხადება პოლიტიკური არგუმენტია.

"ეს არის პოლიტიკური არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან, რადგან მათ არ სურთ ჩაატარონ ისეთი არჩევნები, სადაც მანდატები პროპორციულად გადანაწილდება. ე.წ გერმანული მოდელი ქართულ რეალობაში გულისხმობს იმას, რომ რჩება მაჟორიტარული წესით ასარჩევი 73 დეპუტატი, თუმცა პარლამენტში პოლიტიკური პარტიის მაქსიმალური დეპუტატების რაოდენობა, 150 დეპუტატიდან გამოითვლება, " - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

​"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ თუ  გერმანულ მოდელს კონსტიტუცია უშლის ხელს, ხელისუფლებამ არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს.

"პარლამენტი როდესაც დაკომპლექტდება, ჩვენ გვეყოლება 73 მაჟორიტარი და 77 პროპორციული წესით არჩეული პარლამენტარი. თუ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, შეიტანონ ცვლილება ამ კონსტიტუციაში და ჩაწერონ ეს მოდელი,"  - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. 

"მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარის გია ნოდიას შეფასებით, გერმანული მოდელის შემთხვევაში ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი შანსი აქვს. 

"ხელისუფლება არ თმობს იმ სისტემას, რომელიც არსებობს. ეს არის მისი პირდაპირი პარტიული ინტერესი, რომ არ დაკარგოს ძალაუფლება 2020 არჩევნების შემდეგ,"  - განაცხადა გია ნოდიამ.

დღის ამბები