26 აპრილი 2024,   23:40
ვრცლად
ჰესის მშენებლობა თუ გვარებს შორის დაპირისპირება - რა გახდა რეალურად პანკისში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 2 პირი დაკავა. 21 წლის არბი ქავთარაშვილი და 29 წლის რამაზ ხანგოშვილი. სპეციალური ოპერატიული ღონისძიება სამართალდამცველებმა ახმეტის რაიონში ჩაატარეს.

"ჩემი შვილი მკვლელობაში ბრალდებული არ არის როგორც ლაპარაკიდან ჩანს, მაგრამ ბიძამისს ამოუდგა მხარში. ბიძამისი დაიბარეს და ჩემი შვილიც გვერდში დაუდგა, როგორც ჩვენს წესებს შეეფერება,"- განაცხადა "კურიერთან" დაკავებული არბი ქავთარშვილის დედამ.

"ეს მკვლელობა ჰესის გამო მოხდა. ქავთარაშვილები მომხრე არიან ჰესის მშენებლობის. გახარიამ გვითხრა, თუ 90 % თანახმა არ იქნება, არ ავაშენებთო, 95 %-ია წინააღმდეგი, თუ აშენდა ცუდი ამბავი მოხდება, ოჯახი და მოსახლეობა მომხდარში ხელისუფლებას ვადანაშაულებთ. პოლიცია იდგა და ხმა არ ამოუღია,"- აღნიშნა "კურიერთან" მოკლული ვისო მუთოშვილი ნათესავმა შამილ გუმაშვილმა. 

შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმის ცოლი კი ამბობს, რომ სისხლიანი დაპირისპირება ჰესების თემას არ უკავშრიდება და კონფლიქტი არც გვარებს შორის დაპირისპირებაა. მარინა გუმაშვილის ინფრომაციით, ეს იყო კონფლიქტი ტარიელ მუთოშვილის ოჯახსა და მურად ქავთარაშვილს შორის, რომელსაც უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.

"ვერ ვიტყვი რომ ეს გვარს შორის დაპირისპირება იყო. ეს არის ორ ოჯახს შორის დაპირისპირება. ამ კონფლიქტის მოგვარების მიზნით, 4 თვე მუთოშვილებთან ყოველდღე ვაგზავნით უხუცესებს, რომ არ მომხდარიყო ეს უბედურება. ეს ჰესს არ ეხება, ყოფით ნიადაგზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რამაც შემდგომი კონფლიქტი გამოოიწვია. ჩვენ ვცდილობით შერიგებას. მომხდარი ჩვენთვისაც დიდი ტრაგედიაა, უდანაშაულო ადამიანი მოკვდა,"- ამბობს კონფლიქტის დროს დაჭრილი მერაბ ქავთარაშვილის ძმის ცოლი მარინა გუმაშვილი. 

სისხლიანი დაპირისპირების მხარეთა შერიგების აუცილებლობაზე საუბრობენ პანკისის ხეობის სასულიერი პირები და უხუცესები. ხეობის იმამი ამბობს, მოლაპარაკებებს მუთოშვილებში სამძიმრის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.

დღის ამბები