27 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ქართველი ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება დავით ზალკალიანმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ბრატისლავაში. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ტრიბუნიდან ის ადამიანები გაიხსენა, რომლებიც ოკუპანტურ რეჟიმს ემსხვერპლნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ცხინვალის ციხეში უკვე თითქმის ერთი თვეა უკანონოდ იმყოფება მალე გათავისუფლდება:

"რუსეთი კიდევ უფრო ღრმად მოიწევს წინ, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიწების მიტაცებისა და საგუშაგოების მშენებლობის გზით. ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს. ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და არ აქვთ წვდომა თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა უკანონო ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტურია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ქართველი ექიმის გათავისუფლება მოითხოვეს ესტონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

"11 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 5 წელი უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი დარღვევის ფაქტებს. ღრმად ვართ შეშფოთებულები ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანთა უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებით, რასაც რუსეთის არალეგალური და დესტაბილიზაციის ხელშემწყობი ქმედებები იწვევს. მინდა, გამოვხატო სოლიდარობა და მოვითხოვო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ვითარების დეესკალაციისთვის და შეწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის საქმეებში ჩარევა,"- აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

დღის ამბები