27 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 10 დღეში უსრულდება

10 დღეა დარჩენილი იქამდე, ვიდრე ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა ამოეწურება. იმ შემთხვევაში, თუ 16 დეკემბრამდე კონკრეტული შედეგი ვერ დადგა, ვადა წლის ბოლომდეც გახანგრძლივდება.

კონსორციუმის დირექტორის პროგნოზი დამაიმედებელია. მისი განმარტებით, ინვესტორებთან მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

კონსორციუმში  თვლიან, რომ არაკონსტრუქციულია ახლა ვადებზე საუბარი და პოლიტიკური ინტერესები ყველამ გვერდით უნდა გადადოს და ერთად იმუშაონ იმაზე, რომ პროექტი წინ წაწიონ.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება წლის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კონსორციუმთან ხელშეკრულება შეაჩეროს, ლევან ახვლედიანი აღნიშნავს, რომ მათ უკვე მოუწევთ დავა ჟენევაში არბიტრაჟის ჩართულობით, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ამის აუცილებლობა არ დადგება.

კონსორციუმში ამბობენ, რომ პარტნიორებთან მუშაობა და ინვესტორების მოძიება გრძელდება, თუმცა მათი თქმით, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით პარტნიორების მოძებნა ჭირს.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მოვუწოდებთ ასევე მთავრობასაც, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რომ პროექტი წავიდეს წინ. ვადებზე საუბარი კონსტრუქციული შედეგს ვერ მოიტანს. თუ იქნება ლაპარაკი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ეს იქნება ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ მოგვიწევს სამართლებრივ დავაზე გადაყვანა ამ პროექტის. ეს არ წაადგება არც პროექტს და არც ჩვენ ქვეყანას.

არ ვაღიარებთ ამ ვადებს, ვადებზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკი არის პროექტის წინ წაწევაზე. ყველა მხარემ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ეს პროექტი წინ წავიდეს. ლაპარაკი იმაზე, რომ ბოლო შანსი თუ ვადა და ა.შ. იმ გარემოში, რა გარემოშიც აღმოჩნდა პროექტი, ასეთი ლაპარაკი არის არა კონსტრუქციული.

იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც არის დღეს პროექტი, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ასევე ის საინვესტიციო გარემოება, რაც საქართველოში დღეს არის სამწუხაროდ, ესეც ზეგავლენას ახდენს და ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს ინვესტორებთან მოლაპარაკებების ჩატარება," – აცხადებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი.

დღის ამბები