26 აპრილი 2024,   23:46
ვრცლად
დაუდევრობა თუ კორუფცია - დარღვევები მინისტრების და მათი მოადგილეების საქმიანობაში 

“საერთაშორისო ორგანიზაცია - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მინისტრების და მათი მოადგილეების საქმიანობაში დარღვევებზეა საუბარი.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, მინისტრების და მათი მოადგილეების თითქმის ნახევარს, დარღვეული აქვს კომერციული ინტერესის შესახებ კანონი. დარღვევების ყველაზე ხშირი შემთხვევა უკავშირდება არადეკლარირებულ ბიზნესსაქმიანობას. კერძოდ, საჯარო რეესტრის ბიუროში იძებნება კომპანიები, რომლებშიც თანამდებობის პირები წილებს ფლობენ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ერეკლე ურუშაძე აცხადებს, რომ შესაძლოა დაუდევრობასთან გვქონდეს საქმე და თანამდებობის პირები ქონებრივი დეკლარაციის შევსებას არასერიოზულად ეკიდებიან. ასევე, შესაძლოა საქმე კორუფციასაც უკავშირდებოდეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ კითხვებს პასუხი საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა გასცეს.  

"ალბათ, უმეტეს შემთხვევაში, დაუდევრობასთან გვაქვს საქმე, რომ თანამდებობის პირები საკმარისად სერიოზულად არ ეკიდებიან ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულებას. კონკრეტულად, ხელს ვერავის ვადებთ, მაგრამ თავისთავად, ქონებრივი დეკლარაციები არსებობს იმისთვის, რომ კორუფციის რისკი შემცირდეს მინიმუმამდე. ანუ, როდესაც თანამდებობის პირს აქვს ბიზნესთან რაღაც კავშირი, ეს კავშირი უნდა იყოს გამჭვირვალე, იმისთვის, რომ შევამციროთ კორუფციის რისკი. როდესაც ეს კავშირი არ არის გამჭვირვალე, როდესაც თანამდებობის პირი მალავს მის კავშირს რაღაც კომპანიასთან, ცხადია რომ იზრდება კორუფციის რისკი და ჩნდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს არა უბრალოდ დაუდევრობა, არამედ განზრახ ქმედება“ - აცხადებს ერეკლე ურუშაძე.  

დღის ამბები