27 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
ე.წ. მაყურებლები ციხეებში და ძალადობა გამოხატვის თავისუფლების სახელით - ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს მმართველი გუნდი არ ეთანხმება

საქართველოს სახალხო დამცველი ციხის ე.წ. მაყურებლებზე  "კურიერთან" საუბრობს. 

ნინო ლომჯარიას შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო დროს ე.წ მაყურებლებმა, როგორც პატიმრებზე, ასევე ადმინისტრაციაზე გავლენა განსაკუთრებით გააფართოვეს.

მისი თქმით, ციხეში შესვლისას კრიმინალური ავტორიტეტების ამოცნობა მარტივია, რადგან ისინი რიგითი პატიმრებისთვის მითითებების მიცემას, არც სახალხო დამცველის თანდასწრებით ერიდებიან.

კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც ციხეებში არსებულ ვითარებას იკვლევენ. მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმის" ხელმძღვანელი, რომელიც კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებს.

მოქმედი და ყოფილი სახალხო დამცველების იდენტური შეფასებების მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი პრობლემის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ანგარიშში, რომელიც სახალხო დამცველმა დღეს წარმოადგინა, არა მხოლოდ ციხეში ამჟამად მყოფი პატიმრები, არამედ ისინიც მოხვდნენ, რომლებიც უკვე შეიწყალეს.

ნინო ლომჯარია მნიშვნელოვან პრობლემად განიხილავს პრეზიდენტთან დაკავშირებულ სკანდალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას ეხება. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულ პირებს და ზოგადად, 20 ივნისის მოვლენებს, მათ შორის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ნაწილშიც. ამ საკითხებს დღეს პოლიტიკოსების გამოხმაურებაც მოყვა.

მმართველი პოლიტიკური გუნდი დღეს სახალხო დამცველის არცერთ შენიშვნას არ დაეთანხმა. მათ შორის, არც იმ ნაწილში, რომ აქციებისა და კონტრაქციების მართვისას პოლიცია ტენდენციურად იქცევა. თავის მხრივ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მიდგომა შერჩევითი იყო, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების მიმართაც, როდესაც მათი აქტივობების დროს კონტრაქციების მონაწილეები ძალადობდნენ და ამას, გამოხატვის თავისუფლების სახელს არქმევდნენ.

დღის ამბები