27 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
კანონმდებლები მიმდინარე კვირას მართლმსაჯულების სისტემის მეოთხე ტალღაზე იმსჯელებენ

კანონმდებლები მიმდინარე კვირას მართლმსაჯულების სისტემის მეოთხე ტალღაზე იმსჯელებენ. როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა ხარვეზებია სისტემაში - ოპოზიციის შეფასება მკვეთრად ნეგატიურია. 

მათი აზრით, რეფორმა ამ დრომდე მხოლოდ ფურცელზე რჩება და ვერ სრულდება. დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, სასამართლოში ბევრი სისტემური პრობლემაა, გამოსავალი კი საბჭოს ცვლილებაა. 

"მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ნორმა ჩვენს მიერ შემუშავებულია, მათ შორის ეთიკური სტანდარტების კუთხით, ამის მიუხედავად, მაინც პრობლემურად ვუყურებ იმას, რომ ისევ რჩება სისტემური პრობლემები, რაც იყო სასამართლოში. ეს პროექტი ვერ გამოასწორებს იმ სისტემურ პრობლემას, რაც იუსტიციის საბჭოს აქვს. გამოსავალი საბჭო შეცვალაა, ასეთი ფრაგმენტული ცვლილება ვერ მოერევა ამ ძალიან სერიოზულ და ღრმა კრიზისს, რომელშიც ახლა სასამართლო იმყოფება," - აცხადებს ეკა ბესელია.

ბრალდებებს უსაფუძვლოდ თვლიან მმართველ გუნდში და ყურადღებას საერთაშორისო პარტნიორების დადებით შეფასებაზე ამახვილებენ.

"სწორედ ევროკავშირის ელჩმა, ჰარცელმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ურსემ შეაფასეს საარჩევნო რეფორმა, შეაფასეს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული. არის საუბარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომ რეფორმირებაზე, არის საუბარი იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს სასამართლო სისტემა საზოგადოების წინაშე, იყოს მეტი გამჭვირვალობა," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

დღის ამბები