27 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
"პრეზიდენტი, რომელსაც ლაპარაკი და საკუთარი აზრების ადეკვატურად გამოხატვა არ შეუძლია" - ბაქრაძე ზურაბიშვილზე

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ომის დაწყებაში თავის ქვეყანას ადანაშაულებდა, ახლა კი აცხადებს, რომ საქართველოს არ ჰყავს და არც ეყოლება ჯარი. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ახერხებს  სათქმელი ადეკვატურად გამოხატოს:

"თურმე მისი სიტყვები ვერ გავიგეთ და შემდეგ მოვისმინეთ ქალბატონ ზურაბიშვილის წუხილი, რატომ ხდება მისი ყველა საქციელი კრიტიკის თემა. რა თქმა უნდა, როცა საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ომი დაიწყო მისმა ქვეყანამ - ეს გახდება კრიტიკის თემა, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება არმია - ეს გახდება კრიტიკის თემა, თუ ის ვერ ახერხებს ადეკვატურად გამოხატოს სათქმელი, როგორც მისი ადმინისტრაცია ამტკიცებს, მაშინ კიდევ ცალკე უბედურება გვჭირს, რომ "ქართულმა ოცნებამ" აგვარჩევინა პრეზიდენტი, რომელსაც ლაპარაკი და საკუთარი აზრების ადეკვატურად გამოხატვა არ შეუძლია ," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".

დღის ამბები