27 აპრილი 2024,   04:22
ვრცლად
მელიას მანდატი - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას

88 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - გუშინდელი კენჭისყრის შედეგად, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუწყდა. ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. მათი თქმით, ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა. ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე ორმა დეპუტატმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, დეპუტატის მანდატის შეწყვეტა ნიკა მელიას ვერ გააჩერებს და ის ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას ისევ გააგრძელებს.

"აი, ასე ებრძვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს, გარკვეული ნაწილი ციხეში ჰყავს, გარკვეულ ნაწილზე სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს, გარკვეულ ნაწილზე საქმეების ჭრა და კერვით არის დაკავებული. თუმცა ნიკა მელიას ექნება თუ არა მანდატი, ამით ამ ადამიანს რომ ვერ გააჩერებს, ეს დრომაც დაამტკიცა. შესაბამისად ნიკა მელიაც და ჩვენც, თანაგუნდელებთან ერთად, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ რუს ოლიგარქს, უზურპატორს არ გამოვტაცებთ ამ ხელისუფლებას,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას უთავმოყვარეოს უწოდებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე:

"ნიკა მელიას მანდატის შეჩერება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარლამენტმა მიიღო უთავმოყვარეო გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მელიას საქმე დამთავრებული არ არის, იმიტომ რომ შეიძლება გასაჩივრდეს ეს საქმე. პარლამენტს ჰქონდა დისკრეცია მოეხსნა, ან არ მოეხსნა მანდატი და ერთი-ორმა დეპუტატმა გამოიყენა ეს დისკრეცია და არ მისცა ხმა, მაგრამ ეს უმრავლესობა არის ყურმოჭრილი უმრავლესობა, რომელიც ბიძინას პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს,"- აღნიშნა კაპანაძემ.

განსხვავებული შეფასება აქვს ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის, მისი თქმით, მელიასთან დაკავშირებით მექანიკური გადაწყვეტილების მიღება მოხდა, რადგან გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მანდატის შეწყვეტას კანონი ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას შემდგომი ინსტანციები გაამართლებენ, ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს კომპენსაციას ჰპირდება:

"რეგლამენტი და კანონი ითვალისწინებს, რომ როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოდის, თუნდაც პირველი ინსტანციის, მანდატი წყდება. რეალურად  მექანიკური გადაწყვეტილებაა, თუკი შემდგომი ინსტანცია გაამართლებს, უფლებებში უნდა აღდგეს და კომპენსაციაც უნდა მიეცეს, ესეც კანონია" - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები