26 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
ზედიზედ მოგებული ყველა ტენდერი - ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია, რომელიც ბოლო 7 წელია უპირობო ლიდერია

კომპანია "მეეკი" ბოლო შვიდი წელია ახალქალაქისა და ნინოწმინდის თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას საწვავით ამარაგებს. "მეეკი" ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომლებსაც "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახი ფლობს და ხელმძღვანელობს. მისი დამფუძნებელი, პარლამენტარის ძმა მარტუნ მკოიანია. "მეეკის" 50 პროცენტი მაჟორიტარი დეპუტატის შვილებს, მეორე ნაწილი კი მის ძმას ეკუთვნის.

ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანია საწვავით უკვე წლებია მერიის ყველა სამსახურს ამარაგებს. მუნიციპალიტეტში "კურიერთან" საუბარს გაურბიან, მოკლე ინტერვიუში ახალქალაქის მერი ამბობს, რომ დეპუტატის კომპანიისგან საწვავის შესყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს.

საბავშვო ბაღების გაერთიანება, 40-მდე სკოლა, მუნიციპალიტეტების აიპები - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არსებული ყველა ეს უწყება "მეეკის“ საწვავს მოიხმარს. ამ სახელმწიფო ორგანოების ნაწილს საწვავი სხვა მომწოდებლისგან არასდროს შეუძენია.

ამ უწყებებს შორისაა თავად ენზელ მკოიანის ბიუროც. დეპუტატის ძმისა და შვილების შპს-მ ამ გზით უკვე ნახევარ მილიონ ლარამდე მიიღო. ბიუროში, რომლებიც საწვავს წლებია "მეეკისგან" ყიდულობს, ამბობენ, რომ მკოიანების ბენზინი იაფია, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ სხვა კომპანიასთან მოლაპარაკება არასდროს უცდიათ.

ენზელ მკოიანი "კურიერის" ჟურნალისტს გაურბის და კითხვას - თუ როგორ ახერხებს მისი კომპანია ყველა ტენდერის მოგებას, უპასუხოდ ტოვებს.

ფაქტი, რომ ტენდერებს დეპუტატის ოჯახი უპირობოდ იგებს, არ გაჰკვირვებიათ ოპოზიციურ პარტიებში. ისინი უკვე დიდი ხანია რეგიონში არსებულ კორუფციაზე საუბრობენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ტენდერებში ენზელ მკოანისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიები იგებენ. უკვე წლებია მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახი სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის ტენდერებსაც იგებს.

ავტორი: მაია იველაშვილი 

დღის ამბები