03 მაისი 2024,   05:26
ვრცლად
ხელისუფლებას მოუწევს პასუხების გაცემა - დამოუკიდებელი დეპუტატები კონგრესმენების წერილზე

კონგრესმენების კრიტიკულ წერილს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ეხმაურებიან, რომლებმაც მმართველი გუნდი საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის შემდეგ დატოვეს.

დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გაგრძელდება და ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს:

"რა თქმა უნდა, ისინი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებენ, უბრალოდ მათი კრიტიკა ამ შემთხვევაში მოქმედ ხელისუფლებას ეხება და იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება არაერთჯერადი კრიტიკა და ხელისუფლებას მოუწევს პასუხების გაცემა", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

ნინო გოგუაძის თქმით, ამერიკელი კონგრესმენების წერილზე ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს ის, რომ დაპირებების შესრულების გზები მონახოს:

"ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამაზე ჩვენს კოლეგებსაც ვესაუბრებოდით, რომ ეს იქნებოდა ძალიან კრიტიკულად შეფასებული ჩვენი საერთაშორისო, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ მან მოძებნოს გზები, როგორ დაბრუნდეს თავის დაპირებებზე," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საყურადღებოს უწოდებს ამერიკელი კონგრესმენების წერილს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში. მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი განცხადება სახელმწიფოსთვის საზიანოა:

"მსგავსი განცხადებები არის საყურადღებო, რომ მოხდეს მინიმალიზაცია შეცდომების, გაძლიერდეს სწორი კომუნიკაცია, რომ ზუსტი მესიჯები და გზავნილები იყოს გაგზავნილი ვაშინგტონში, ნებისმიერი მსგავსი განცხადება სახელმწიფოსთვის არასასურველია. ჩვენი ვალდებულებაა, რომელ პოლიტიკურ მხარესაც არ უნდა ვიყოთ,  ქვეყნისათვის დამაზიანებელი განცხადებების საფუძველი არ შევქმნათ,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნეს, სადაც კრიტიკაა გამოთქმული საარჩევნო რეფორმის ჩავარდნისა და საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევების გამო.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები