02 მაისი 2024,   16:42
ვრცლად
ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

თავდასხმა პოლიციაზე - მოქალაქემ ბათუმში სამართალდამცველი დაჭრა.

"კურიერმა" სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა, რომელიც მომხდარს ასახავს. რამ გამოიწვია ინციდენტი უცნობია.

დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დამნაშავის დაკავება ადგილზე მოახერხა. დაჭრილი პოლიციელი, ოთარ თავართქილაძე პროფესიონალი მკლავჭიდელია და ის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადებოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა პოლიციელი ყელის არეში დაჭრა.

"ჩხუბი იყო, შემდეგ ეს პოლიციელი მოვიდა, რომ განემუხტა სიტუაცია. თუმცა მასთან 37 წლის მამაკაცი მივიდა და ყელის არეში დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია," - განაცხადა თვითმხილველმა ხატია ზოიძემ.

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის გოჩა შავაძის განცხადებით, დაჭრილი პოლიციელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და კონფლიქტი არავისთან ჰქონდა.

"მკლავჭიდელია, ნაკრების წევრი. ძალიან კარგი პიროვნებაა. არ არის კონფლიქტური. თავის საქმეს აკეთებდა ყოველთვის კარგად. ყველა მაგას აქებდა," - აღნიშნა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა შავაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

დღის ამბები