05 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
42 დღე ოკუპანტების უკანონო პატიმრობაში - საერთაშორისო საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო უწყება, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ბრიტანეთის საელჩო - ეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მას შემდეგ რაც უკანონო ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც.

გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც. ელიზაბეთ რუდმა რუს ოკუპანტებს დღეს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ცნობილი ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმას მოითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს მთავრობის მეთაურიც გააკრიტიკეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე გამართული შეხვედრის შემდეგ ოჯახს და ქვეყნის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებიათ. ერთადერთი ვინც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. დავით ასათიანი, გაფრინდაშვილის ოჯახთან ერთად ექიმის გასათავისუფლებლად მომდევნო კვირიდან საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს.

42 დღე უკანონო პატიმრობაში. ვაჟა გაფრინდაშვილს გუშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. ცნობილი ქართველი ექიმი ოკუპანტებმა სოფელ ოძისიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ე.წ. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას პაციენტის დასახმარებლად ცდილობდა. გაფრინდაშვილს ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. თუმცა ექიმი დანაშაულს არ აღიარებს და უკვე ორი თვეა ამტკიცებს, რომ საქართველოს საზღვარი მისთვის ფსოუსა და როკის გვირაბზე გადის.

დღის ამბები