05 მაისი 2024,   19:18
ვრცლად
ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოყვა - დაიღუპა 2 ადამიანი

ავსტრალიაში მასშტაბურ ხანძარს მსხვერპლი მოყვა, დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ქვეყნის 3 შტატში საგანგებო მდგომარეობაა. მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

განგაშის "კატასტროფული" დონე მთავრობამ ახალი სამხრეთ უელსის შტატში გამოაცხადა, სადაც ძლიერმა ხანძარმა 2 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა 23 მეხანძრე. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაკვამლიანების გამო ხილვადობა თითქმის შეუძლებელია, ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა, გადაიკეტა გზები, დაინგრა შენობები და გადაიდო ავიარეისები. ამ მომენტისთვის მეხანძრეები ცეცხლის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან. ხელისუფლება მოსახლეობას საშობაო მოგზაურობების გადადებას ურჩევს.

"ჩვენ სიტუაციის გაუარესების მოლოდინში ვართ. შტატში განგაშის კატასტროფული დონეა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეცხლის სუსტი კერაც კი შეიძლება უკონტროლო გახდეს," - აღნიშნავს ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხანძრების სამსახურის კომისარი შეინ ფითზიმონსი.

ძლიერმა ხანძრებმა დიდი ზიანი მიაყენა ავსტრალიის ფლორასა და ფაუნას. მეხანძრეები ალმოდებული ადგილებიდან კოალების გამოყვანას ისევ ცდილობენ. ცეცხლის ჩაქრობას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.

"ხანძრის გავრცელების საშიშროება კატასტროფულია. საშინელი მდგომარეობაა, ხანძრის კერები აქტიურია და ვითარების გართულებას ველოდებით. მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია სიდნეის, ილავარას, შოალჰავენში".

ავსტრალიაში ხანძარს თვეზე მეტია ვერ აქრობენ. სტიქიას უკვე 8 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა ინფრასტრუქტურა და დაიწვა მილიონზე მეტი ჰექტარის ფართობი. ეკოაქტივისტები მასშტაბური ხანძრების მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ.

დღის ამბები