06 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
ცეცხლოვანი რკალი - ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველად, მზის სრული დაბნელება მოხდა

მზის დაბნელება, რომელიც ყველაზე კარგად სპარსეთის ყურეში ჩანდა თბილისის დროით 7 საათზე დაიწყო.

მოვლენას, როდესაც მთვარემ მზის დისკი სრულად გადაფარა, კატარის ობსერვატორიიდან აკვირდებოდნენ.

მზის წრიული დაბნელების ნახვა 150 წლის განმავლობაში, პირველად ინდოეთში, ბაჰრეინში, ინდონეზიასა და საუდის არაბეთში იყო შესაძლებელი. იშვიათი მოვლენა, რომელსაც ცეცხლის რკალსაც უწოდებენ, 100 წლის შემდეგ განმეორდება.

"ცეცხლოვანი რკალი",  ასე უწოდებენ ასტრონომები იშვიათ მოვლენას, რომელიც ბოლოს 150 წლის წინ მოხდა.

მზის სრული დაბნელების ნახვა, არაბეთის ნახევარკუნძულზე, პაკისტანში, ინდოეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში იყო შესაძლებელი. 

ასტრონომები მზის დაბნელებას საუდის არაბეთსა და სინგაპურში აკვირდებოდნენ, მეცნიერები აცხადებენ, რომ რკალური დაბნელება იშვიათია, ეს მაშინ ხდება, როდესაც მთვარე მზის ცენტრს ფარავს, სხივები კი თანამგზავრის გარშემო ცეცხლოვან რკალს ან რკალებს ქმნიან.

"დააკვირდე მზის დაბნელებას ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცით თეორიულად ეს როგორ ხდება, როდესაც რეალობას აკვირდები უფრო კარგად გესმის რაც ისწავლე და ზოგადად როგორ ხდება ყველაფერი სამყაროში," - ამბობს სტუდენტი, რომელიც პროცესს აკვირდებოდა.

გაერთიანებული არაბეთის ემირატების კოსმოსურმა სააგენტომ მზის დაბნელების სანახავად დუბაის ცენტრში და ცათამბრჯენზე,  სპეციალური ადგილები მოაწყო. თუმცა, ბევრი ცეცხლოვანი რკალის სანახავად დუბაიდან მოშორებით ქალაქ ზაიედში ჩავიდა.

​კოლომბოს უნივერსიტეტის სტუდენტები, მზის დაბნელებას შრილ ლანკაში აკვირდებოდნენ. ქვეყნის ჩრდილოეთით მთვარემ მზე თითქმის 90 პროცენტით დაფარა.

"ჯაფნაში ცეცხლოვან რკალს დავინახავთ, მაშინ როცა კოლომბოს უნივერსიტეტში მხოლოდ ნაწილობრივ დაბნელდება," - აღნიშნავს კოლომბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

პაკისტანელები კარაჩის სანაპიროზე ქვიშაში ჩაეფლნენ და მზის დაბნელებას ისე შეხვდნენ. მათ სჯერათ, რომ ამის შემდეგ დაავადებებისგან განიკურნებიან.

"მე ვერ ვხედავ, მითხრეს რომ აქ მოვსულიყავი, ქვიშაში ჩავწოლილიყავი და მზის დაბნელება თვალებს ამიხელდა"...

ასობით მუსლიმი სპეციალური სათვალეებით აკვირდებოდა მზის დაბნელებას ინდონეზიაში. მოვლენაც ისინი ლოცვით შეხვდნენ.

"ჩვენ მზის დაბნელების გამო ვლოცულობთ, რომ მთელს ინდონეზიაში მუსლიმებმა შემქმნელისგან შეწყალება მივიღოთ და ამ საჩუქრის გამო, მადლობა გადავუხადოთ.  ინდონეზიის ნაწილი წყალდიდობის გამო იტანჯება, ვილოცებთ მათზე ვინც სტიქიამ დააზარალა," - აცხადებს ინდონეზიის ერთ-ერთი მკვიდრი.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის ამ ნაწილში, მზის სრული დაბნელება მხოლოდ 2063 წელს მოხდება.

დღის ამბები