27 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
"მინდა ბოდიში მოვუხადო იქ მაცხოვრებლებს და სტუმრებს ვისაც წყალმომარაგების გამო პრობლემები შეექმნათ"-მაია ცქიტიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ვისაც უწყლოობის გამო დისკომფორტი შეექმნა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო იქ მაცხოვრებლებს და სტუმრებს, ვისაც წყალმომარაგების გამო პრობლემები შეექმნა. ეს პრობლემები გუდაურში "რედკოს" მოსახლეობას შეექმნა, მაშინ, როდესაც მთელ გუდაურში ჩვეულებრივ არის წყალმომარაგება, ანალოგიური მდგომარეობაა ბაკურიანშიც, ორ ქუჩაზე არ არის წყალი. წყალმომარაგების კომპანია პრობლემაზე უწყვეტად მუშაობს,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კურორტებზე 24-საათიანი სამუშაო პროცესები მიმდინარეობს, რათა პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს.

"მიმდინარეობს 24 საათიანი სამუშაო პროცესები და იმედი გვაქვს, ძალიან მალე ჩადგება ყველაფერი მწყობრში,"-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძე აღნიშნავს, რომ ტურისტების დიდი ნაწილი ახლა სვანეთში იმყოფება.

"დღედაღამე მუშაობით მაქსიმუმი გავაკეთეთ, გუდაურში გამოვიტანეთ თოვლი და სამი ტრასა გავხსენით. ყველაზე კარგად გვაქვს სვანეთში თოვლი და თეთნულდის ტრასა ყველანაირ რეკორდს ხსნის, იმდენი დამსვენებელი გვყავს,"-  აღნიშნა თამაზ გამცემლიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან დღეს საგანგებო შეხვედრა გამართა.

მთავარი თემა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის გადასაჭრელი სამუშაოები იყო. შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგადაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა.

წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც და ამის გამო ტურისტების ნაწილმა საკურორტო ზონა დატოვა.

დღის ამბები