06 მაისი 2024,   10:59
ვრცლად
დავას გავაგრძელებთ სასამართლოში, ქართველი ხალხი კონტრაქტს გაუწყვეტს ბიძინა ივანიშვილს - ხაზარაძე

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. დავაში ჩაერთვებიან ის უცხოური კომპანიებიც, რომლებიც ანაკლიის პროექტში ინვესტორებად იყვნენ წარმოდგენილები.

"ანაკლიის კონსორციუმში" ოფიციალური განცხადება ერთ საათში გაკეთდება, მანამდე კი გეგმებზე  პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაზე საუბრობს.

მისი განცხადებით კონსორციუმი არ დათმობს არც ერთ ნაბიჯს და სამართლებრივ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

"მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება, იმ მთავრობის, რომელიც ვერ აგვარებს ელემენტარული წყლის მომარაგების პრობლემას, რომელსაც არანაირი უნარი არ გააჩნია ქვეყნის მართვის, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, პირველი ეტაპის სპეცოპერაცია დაასრულა. ეს ანაკლიის პორტის გაჩერებას გულისხმობს. ეს სპეცოპერაცია წელიწადნახევრის წინ არის დაწყებული, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევის შედეგად. მე მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, მან კი შეასრულა ამ ეტაპზე კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას და ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ივანიშვილს და მის ოცნებას, როგორც მან დღეს გაუწყვიტა კონტრაქტი ჩვენს მომავალს," - განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებს.

"ასეთი ტიპის კონტრაქტში, როდესაც ხედავენ, რომ სახელმწიფო ებრძვის კონსორციუმის დამფუძნებელს ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ეს იწვევს ინვესტორების პრაქტიკულად განდევნას ქვეყნიდან. ყველაფერი ეს ემსახურებოდა იმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მომხდარიყო.

ვეჯახებით იმ რეალობას, რომ ეს გადაიზრდება რამდენიმე დავაში რამდენიმე ქვეყნის სასამართლოში. ჟენევაში განიხილება ეს თემა, იქ უნდა მობრძანდეს ცქიტიშვილი და იქ იქნებიან ის მოწმეები, რომლებიც ამხელენ ცქიტიშვილს. დაველოდოთ ჟენევის სასამართლოს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები