27 აპრილი 2024,   01:22
ვრცლად
აშენდება თუ არა კორპუსი "ანას ბაღში" - მოსახლეობა სკვერის შენარჩუნებას ითხოვს

ვარკეთილში ადგილობრივები "ანას ბაღთან" კორპუსის მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ, დღეს კი მათ კომპანიას სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად პოლიციამ აქციის 10 მონაწილე დააკავა. კომპანიაში ამბობენ, რომ სკვერი მშენებლობას არ შეეწირება, ამიტომ მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება.

ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობისთვის მიუღებელია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც, მათივე მტკიცებით, არსებულ გამწვანებას გაანადგურებს. ადგილზე დღეს ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

"ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას ადგილობრივები უკვე რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ. მათი უკმაყოფილების გამო მშენებლობა შეაჩერეს კიდეც, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ნებართვა ყველა წესის დაცვით არის გაცემული და პროტესტს პოლიტიკური სარჩული აქვს.

კომპანიაში, რომელიც ვარკეთილში სადავო საცხოვრებელს აშენებს, ამბობენ, რომ მშენებლობა გამწვანებულ ტერიტორიას არ დააზიანებს და რომ ადგილობრივები პროექტთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.

დღეს ვარკეთილში დაპირისპირებისას პოლიციამ სულ 10 პირი დააკავა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან და სასამართლო პროცესი დღესვე ჩაინიშნა. დაკავებულების ნაწილი საქალაქო სასამართლოში, ნაწილი კი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მაინც გაგრძელდება, ადგილობრივები კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები