05 მაისი 2024,   12:44
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავენ

ვის კანდიდატურას გადაუგზავნის საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობდაზე - პროცესში არსებულ ხარვეზებზე "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადებას ავრცელებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საბჭო საკმარისად ვერ უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობას. ასევე, ბუნდოვანია, რა პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩევა ის 3 კანდიდატი, რომელთაგან ერთი, შემდგომში, საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარედგინოს.

"აუცილებელია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსი იქნეს მიღწეული გადაწყვეტილების მიღების დროს პარლამენტში, რომ მხოლოდ პოლიტიკური ლოიალობის და ერთგულების ნიშნით არ მოხდეს გენერალური პროკურორის გამწესება. აუცილებელია, უფრო ნათელი და მკაფიო კრიტერიუმები საიმისოდ, რომ სახელმწიფომ შეძლოს პროკურორი შეირჩეოდეს არა პირადი ერთგულებით, არამედ პროფესიული გამოცდილებით, მისი კვალიფიკაციით და დამოუკიდებლობის გათვალისწინებით,"-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

"მთავარი რეკომენდაცია არის, რომ არსებობდეს დადგენილი პროცედურები და კრიტერიუმები, რის მიხედვით უნდა შეირჩეს კანდიდატები მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა, რომ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩეული პირი სარგებლობდეს მაღალი ლეგიტიმაციითა და საზოგადოების მაღალი ნდობით, რომ შერჩევის პროცესი მოხდეს კონსესუსით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან,"-აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წევრი, გვანცა წულუკიძე.

"რეკომენდაცია ის არის, რომ პოლიტიკური ნება იყოს გამოხატული და გადაწყვიტოს მმართველმა ძალამ, დანიშნოს ნეიტრალური ადამიანი, რაც უმცირესობასთან შეთანხმებასაც გულისხმობს. საზოგადოების ჩართულობის კუთხით კონკრეტული რეკომენდაციები გავეცით, ერთი - ეს შეეხება პროცედურებს, რომ იყოს უფრო ღია და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი, მეორე - დასაბუთებული უნდა იყოს კრიტერიუმები, ვის ვირჩევთ თანამდებობაზე მაგრამ სულ რომ პროფესიონალი ავიჩიოთ, ყველაზე მთავარია, იყოს დამოუკიდებელი,"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა.

დღის ამბები