27 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
"არავითარი ფულის გათეთრება მათ არ უნახავთ, ოთხივე მოწმემ ეს პასუხი გასცა"- "თიბისი" ბანკის საქმე

"შემოწმების მიზანი იყო სხვა - სესხების ხარისხის შემოწმება,"- ასე უპასუხა სასამართლოში მოწმედ გამოცხადებულმა ეროვნული ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი გოგუაძემ ჟურნალისტების კითხვებს იმის თაობაზე, შეამჩნიეს თუ არა 2008 წელს "თიბისი" ბანკის შემოწმებისას ფულის გათეთრების ნიშნები.

საქმის პროკურორის, სალომე ჩიქობავას მტკიცებით, TBC ბანკის შემოწმებისას ეროვნული ბანკის თანამშრომლებს სრული დოკუმენტაცია დაუმალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტს აუცილებლად დაადგენდნენ. 

"მართალია, ჩატარდა შემოწმება, მაგრამ შემოწმების მიზანი იყო არა "სამგორი M-ისა" და "სამგორი თრეიდზე" გაცემული სესხების შემოწმება, არამედ მიმართული იყო რეზერვების ადეკვატურობის შესწავლაზე. ბანკის თანამშრომლებმა მათ დაუმალეს რეალური დოკუმენტაცია, მათ არ ჰქონდათ სრული სურათი ამ სესხებთან დაკავშირებით, თუ შემდგომ ვისზე გადასესხდა ეს თანხები. იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ სრული დოკუმენტაცია, ისინი აუცილებლად დაადგენდნენ ინტერესთა კონფლიქტს. რეალურად, ეს სესხი გაცემული იყო ადმინისტრატორებზე, ანუ ბატონ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, და რეალურად, არ იყო ეს სესხი გაცემული "სამგორი თრეიდსა" და "სამგორი M-ზე", როგორც დოკუმენტურად იყო ასახული,"- განაცხადა სალომე ჩიქობავამ.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა კითხვაზე, შენიშნეს თუ არა "თიბისი" ბანკის შემოწმებისას დანაშაულის ნიშნები, უარყოფითი პასუხი გასცეს.

"დააფიქსირეს, რომ არავითარი ფულის გათეთრება მათ არ უნახავთ. ოთხივე მოწმემ ჩემს კითხვაზე გასცა ეს პასუხი. პროკურატურა ალბათ გიპასუხებთ, რომ არც ამოწმებდნენ ფულის გათეთრებას, მაგრამ ესეც ვკითხეთ მოწმეებს და თქვეს, რომ იმ ნაწილში, რასაც ამოწმებდნენ, რომ ენახათ რაიმე დანაშაულის ნიშნები, ისინი ვალდებულნი იყვნენ აქტში დაეფიქსირებინათ,"- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ "თიბისი" ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია TV - "პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები