შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს," - აღნიშნულია განცხადებაში.