27 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
"პერსონალური ინფორმაციის გამომზეურება" - ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები მინისტრს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თეა წულუკიანმა გუშინ კომიტეტზე გასაჯაროებული ვიდეო კადრებით კანონი დაარღვია.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ ვიდეო მასალის გასაჯაროებით, ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა.

"ის, რომ ქალბატონი წულუკიანი არა ადეკვატური და ცინიკურია, ამას ჩვენ უკვე მივეჩვიეთ და კომენტარს არ გავაკეთებთ. ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ან არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი ჩანაწერის გაკეთება არის პრობლემა და მით უმეტეს მისი გამომზეურება არის უფრო მეტი პრობლემა და არის პერსონალური ინფორმაციის გამომზეურება," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს მინისტრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზაალ უდუმაშვილი.

"რაც თეა წულუკიანმა გააკეთა, ეს არის პირდპაირ ადამიანის უფლებების დარღვევა და იმ პატიმრის უფლებების დარღვევა, რომელიც მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ძალიან მძიმე ანგარიში და ფაქტია, რომ დღეს მთლიანად ჩვენ ციხეები გადაბერებული აქვთ კრიმინალურ ავტორიტეტებს და ისინი მართავენ ციხეებს. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენ და მუდმივად იყო ამაზე საუბარი, თუმცა სახალხო დამცველის ანგარიში კიდევ სხვა არის, სადაც პირდაპირ არის აღწერილი, რომ ხელისუფლებამ გადააბარა მთელი პენიტენციური სისტემა კრიმინალურ ავტორიტეტებს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები