27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
თბილისის მერია გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებს დაუფინანსებს - კახა კალაძე

თბილისის მერის ინფორმაციით, მარტიდან დაიწყება პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებით დაფინანსებას ითვალისწინებს. 

თბილისის მერმა დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს პრიორიტეტული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები. 

"მარტიდან კიდევ ერთ ახალ პროგრამას დავიწყებთ, რომელიც ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსებას. მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. თავად მკურნალობისთვის დაფინანსებას რაც შეეხება, წლიურად ერთი პაციენტისთვის დაახლოებით 24 ათასი ლარია საჭირო. სოციალურად დაუცველებისთვის 100%-ით იქნება დაფინანსება, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80%-ით დაუფინანსდებათ," - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სიახლეა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებულ პროგრამაშიც.

"კიდევ ერთი სიახლე, რაც მინდა შემოგთავაზოთ, იცით, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. მოლოდინის რეჟიმში იყო დაახლოებით 230 ბავშვი, ვინც ელოდებოდა თავის რიგს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბავშვებიც დავაფინანსოთ. ასევე, შარშან გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს," - აღნიშნა თბილისის მერმა.

დღის ამბები