29 მარტი 2020,   17:11
ვრცლად
დედაქალაქის მთავრობამ გასულ წელს საწვავზე 1 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი დახარჯა - "ფლანგვის დეტექტორი"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" მტკიცებით, მერიაში არამიზნობრივად მილიონობით ლარი დაიხარჯა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობამ გასულ წელს საწვავზე 1.600.000 ლარზე მეტი, მანქანების შესაძენად კი 5 მილიონზე მეტი დახარჯა.

"ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება და ხარჯების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. მაგალითად, თუ საწვავის შესაძენად 2017 წელს დახარჯეს მილიონ სამასი ათასი ლარი. მილიონ ექვსას ათას ლარზე მეტი დახარჯეს უკვე 2018 და 2019 წლებში. გაზრდილია ავტომობილების რაოდენობა, ბუნებრივია იზრდება ყოველწლიურად ხარჯების რაოდენობაც," - განაცხადა ფლანგვის დეტექტორის მკვლევარმა სალომე კვირიკაშვილმა.

თბილისის მერიაში არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.

"თუ კითხვა ასე ისმის, რატომ დავხარჯეთ ამდენი საწვავი - ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ დავხარჯოთ საწვავი, გავაჩეროთ მანქანები. არ მოვახდინოთ რეაგირება სამშენებლო დარღვევებზე, ნარჩენების დაყრაზე, არ დავასუფთავოთ ქალაქი. მგონი ეს არ იქნება სწორი. თუ ვინმეს ასეთი კითხვა უჩნდება, მოვიდეს. ჩვენ გვყავს ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური და დეტალურად განვუმარტავთ ყველაფერს," - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

დღის ამბები