27 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მართავს

მიხეილ კალანდიას უფლებადამცველმა დღეს განმარტა, თუ ვის გულისხმობენ კალანდიას ოჯახის წევრები, როდესაც ამბობენ, რომ ზაზა სარალიძე იმართება და აქვს კონკრეტული ინტერესი. ადვოკატმა აღნიშნა, რომ სარალიძეს მართავს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სარალიძის ოჯახის ინტერესებს იცავს. ადვოკატის თქმით, თავად არასამთავრობო ორგანიზაციის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას.

"ფაქტობრივად, ის იმართება დღეს "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან", რომელიც არის პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ფილიალი და პროვოკაციისკენ, დესტაბილიზაციისკენ არის მიპყრობილი. ეტყობა, მიმდინარეობს მისი "დათრევა", პირდაპირ ამ სიტყვას ვიტყვი. ამ ადამიანის გამოყენება სურთ მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის," – ამბობს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ნესტან ლონდარიძე, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში არც ერთ პერიოდში არ ყოფილა.

"მტკიცებულებების გარეშე ასეთი ბრალდებები დაუშვებელია მოდიოდეს ადვოკატებიდან და თუნდაც მხარიდან, როდესაც საუბრობენ, რომ ზაზა სარალიძე იმყოფება არასამთავრობოების გავლენის ქვეშ, რომლებიც იმართებიან პირდაპირ მიხეილ სააკაშვილიდან. ზაზა სარალიძეს, ამ ეტაპზე, წარმოადგენს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, ეს გახლავთ "ადამიანის უფლებათა ცენტრი", რომლის წარმომადგენელიც მე ვარ. საქმეში ჩართული ადვოკატი მხოლოდ მე გახლავართ ამ ეტაპამდე," - განაცხადა სარალიძეების ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა განცხადებაში იმ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რაც მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. დაიკითხა ერთი მოწმე, ექსპერტი, რომელმაც კონფლიქტში ჩართული პირების ტანსაცმელი შეამოწმა.

"დაიკითხა ერთი მოწმე ექსპერტი,  ექსპერტი-ტრასოლოგი, რომელსაც ჰქონდა ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩატარებული იმ დაზიანებებზე, რაც იყო  გარდაცვლილების, და სხვა მონაწილეების, მათ შორის ბრალდებულის ტანისამოსზეც. ექსპერტმა ისაუბრა ამ დაზიანებებთან დაკავშირებით და გასცა პასუხი, როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარის შეკითხვებს,"- აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები