07 მაისი 2024,   05:28
ვრცლად
ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის კენჭისყრა იწყება - ოპოზიცია დოკუმენტს მძიმე საერთაშორისო დარტყმად აფასებს

სულ ცოტა ხანში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებულ ანგარიშს განიხილავენ და კენჭს უყრიან. ქართული დელეგაციის წევრები უმრავლესობის მხრიდან შეეცდებიან, რომ დოკუმენტში ცვლილებები შეიტანონ იმ კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც დოკუმენტშია საუბარი. 

ქართული დელეგაციის წევრი ოპოზიციონერები ვარაუდობენ, რომ დოკუმენტში ცვლილებები არ შევა, რადგან კომიტეტმა ცვლილებების შეტანაზე უკვე თქვა უარი. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ყურადღებას ამახვილებს დოკუმენტის იმ პუნქტზე, სადაც ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველა მხარისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. 

"ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლებისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს ოპოზიციასთან შეთანხმებას და ცდილობს, არჩევნები ჩაატაროს მხოლოდ მისთვის მისაღები სისტემით. ეს იქნება კიდევ ერთი მძიმე საერთაშორისო დარტყმა "ქართული ოცნებისთვის,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება. "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსესუსს მიაღწევს. 

"გრძელდება კონსულტაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სწორედ ამას შეეხება ჩვენი მეგობრების წინადადებაც, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შეძლებისდაგვარად მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სწორედ ამით ვართ დაკავებული. გაგრძელდება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება იქნება ამ საკითხზე მიღწეული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს 1 გვერდი ეთმობა. მთავარ პრობლემად სახელდება შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა.

დღის ამბები