05 მაისი 2024,   13:22
ვრცლად
ლობისტური კომპანიისთვის კონტრაქტის გაგრძელებას ოპოზიცია ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვად აფასებს

საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან ხელშეკრულების გაგრძელებას ოპოზიციაში უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ  ლობისტური კომპანიის დახმარებით "ქართული ოცნება" საკუთარი შეცდომების გამართლებას ცდილობს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ უკლებლივ ყველა ვიზიტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ემსახურება არა ქვეყნის ინტერესების წინ წაწევას, არამედ ემსახურება მათი პარტიული ინტერესების დაცვას და იმის გამართლებას, თუ როგორ იქცევიან ცუდად ქვეყნის შიგნით. როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გამოყონ და ამ მიზნით ლობისტი კომპანიები დაიქირაონ, უფრო სწორად, გაახანგძლივონ მათთან კონტრაქტები. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი კომპანიები "ქართული ოცნების" პირობებში იცავენ არა სახელმწიფოს, არამედ "ქართული ოცნების" ინტერესებს. თუმცა, იმასაც საკმაოდ წარუმატებლად,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე კი ლობისტი კომპანიისთვის კონტრაქტის გაგრძელებას ბიუჯეტის ფლანგვად მიიჩნევს. 

"ტყუილად იფლანგება ბიუჯეტიდან ჩვენი ფული. ლობისტობის ნაცვლად, ჯობდა ხელისუფლებას საქმე ეკეთებინა, მაგრამ 7 წლის განმავლობაში, ქვეყანა გაღატაკდა და ქვეყანაში არ არის არცერთი მიმართულება, რომლითაც შეიძლება ხელისუფლებამ იამაყოს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ლობისტური კომპანიისთვის ხელშეკრულების გაგრძელებაში პრობლემას ვერ ხედავს. 

"ისინი არიან კონსულტანტები, რომლებიც დიდი ხანია საქართველოს მთავრობასთან მუშაობენ და მათ, რომ კონტრაქტი გაუგრძელდეთ, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ იმიტომ, რომ ეს არის კომპანია, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობს საქართველოს და წლები გვეხმარებოდნენ მუშაობაში. ამიტომ, მე პირადად, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა. 

დღის ამბები