05 მაისი 2024,   16:45
ვრცლად
"ყველას ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვიჭერენ" - ქუთაისის მერიასთან "შეცვალეს" აქციაზე დაპირისპირება მოხდა

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. აქტივისტები ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები მერის და გუბერნატორის გადადგომას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეების თქმით, რიგ შემთხვევებში, მათ მხარდამჭერებს არჩადენილი დანაშაულისთვის ასამართლებენ, "ქართული ოცნების" წევრებს კი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც არ იბარებენ გამოკითხვაზე.

აქტივისტებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, მერიის წინ კი - "უნიათო ხელისუფლების", დაწერას ცდილობდნენ, რისი უფლებაც დაცვამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოყვა.

"შევიკრიბეთ, რათა უნიათო მთავრობას შევახსენოთ, რომ ყველას ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვიჭერენ.  ცდილობენ, ჩვენი მუხტი ჩააგდონ, მაგრამ არ გამოუვათ. ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, მათმა მხარდამჭერებმა კვერცხები დაუშინეს კულტურულ ძეგლებს, მაგრამ არავინ დასჯილა. ქვეყნის სიყვარული ისჯება, სამაგიეროდ, ქვეყნის სიძულვილს პრემიებით ასაჩუქრებენ. ბოლო მოუღეს ქალაქს და უნდა გადადგეს ორი "მელოტი კუ" მერი გიორგი ჭიღვარია და გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. ჩვენ დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი შესაძლებლიბა არ მიეცათ.

დღის ამბები