06 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
მორის მაჩალიკაშვილისთვის საპროცესო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მორის მაჩალიკაშვილისთვის საპროცესო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს და ითხოვს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვოს. ბრალდებული უარს აცხადებს, სასამართლო პროცესებზე კიდევ ერთხელ დაიკითხოს.

"ყველასთვის ცნობილია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი ჰუსეინ მაჩალიკაშვილი ცხოვრობდნენ პარლამენტის წინ, მათი პირადი ნივთები იქ იყო, მათი ე.წ. საცხოვრებელი ტერიტორია იქ იყო. რომ არ მომხდარიყო მესამე პირთა მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ნივთის შეტანა, მას უნდა გამოეტანა საკუთარი ნივთები და უნდა მისულიყო ამ ტერიტორიასთან," - განაცხადა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. 

საქმის პროკურორის თქმით, მორის მაჩალიკაშვილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა.

"ის მონაწილეობდა ჯგუფურ მოქმედებებში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა და სხვადასხვა ქმედებები სამართალდამცველი უწყებების მიმართ. აღნიშნულის გამო, ბრალდებულის უფლება გახლავთ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. ჩვენ ვიშუამდგომლებთ და დაცვის მხარეც შუამდგომლობდა საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე. თავისთავად, მტკიცებულებების არასადავოდ ცნობა გულისხმობს იმას, რომ აღარ დაიკითხებიან მოწმეები და არ იქნება გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებები,"- განაცხადა საქმის პროკურორმა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მორის მაჩალიკაშვილს 20 ივნისის აქციასთან კავშირი არ ჰქონდა.

"მორის მაჩალიკაშვილს არასდროს იმის სურვილი კი არა, გაგებაშიც არ არის გადატრიალება, გავრილოვი იქნება თუ სხვა, მაგას საერთოდ არ ადარდებდა ის ამბავი. ის იყო წელიწადის განმავლობაში ჩემ გვერდით იმის მოთხოვნით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეღიარებინა ჩადენილი დანაშაული," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები