05 მაისი 2024,   20:45
ვრცლად
ირაკლი შოთაძის მოსმენა - "ხორავას ქუჩის საქმეზე" დასმულ კითხვებს საპროკურორო საბჭოზე ხმაური მოჰყვა

საპროკურორო საბჭოზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ოპოზიციის წარმომადგენლის, ოთარ კახიძის მიერ დასმული კითხვები ხმაურის მიზეზი გახდა. კახიძის შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ხორავას ქუჩის საქმეს, მას სურდა შოთაძისგან მოესმინა ის რეალური მიზეზი, რის გამოც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.

"მიხეილ კალანდია, ვინც მაშინ გამშველებლად იყო ცნობილი, არის ბრალდებული. თქვენი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში გაგრძელდება ამ პირის სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ დაუბრუნდება ისევ გამშველებლის და მოწმის სტატუსს?" - მიმართა ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, რაზეც საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარისგან შენიშვნა მიიღო, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეკითხვები არ დაესვათ, რადგან ფორმატი ამას არ ითვალისწინებდა. რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ ის კონკრეტული საქმის მასალებზე არ საუბრობს და კანდიდატთან აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, ხდებოდა, თუ არა მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ამ საქმეში დამნაშავე პირებზე ხელის დაფარება.

"მე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე იმ დღეს, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, მე მაშინაც ვაცხადებდი და დღესაც ვაცხადებ, რომ იყო მთელი რიგი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩასატარებელი, მე მაშინაც ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოძიება ელოდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, ვინაიდან ეს არის პრეიუდიცია, იურიდიული ფაქტების დადგენის შესაძლებლობა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოყენებულიყო. ყველა პიროვნება, ვინც ამ საქმეზე ჩაიდინა დანაშაული უნდა დაისაჯოს სამართლიანობისა და კანონიერების ფარგლებში და ამ კუთხით ეს ჩემთვის არის შესაძლებლობა, რომ ეს საქმეები ბოლომდე მივიდეს და ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება," - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისი თქმით, ის არ იზიარებს ოპოზიციის ბრალდებას, რომ მიხეილ კალანდიას პროკურატურა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ხელს აფარებდა.

დღის ამბები