27 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
ტრაგედია ბაღდათში - თბილისიდან ჩასულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე ვერ დაადგინეს​

ბაღდათში გლოვაა - ქალაქში, გუშინ დატრიალებულ მძიმე ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათშორის ფეხმძიმე ქალი, 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად. ყველა მათგანის სიცოცხლე გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილ ხანძარს შეეწირა.

გარდაცვლილებთან ერთად სახლში კიდევ ორი ადამიანი ცხოვრობდა. ბავშვების ბებია და მამა ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ, ისინი ამ დროს მაღაზიაში იყვნენ.

ტრაგედიის ადგილი სოციალურად დაუცველი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი არ იყო. გარდაცვლილის ახლობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ისინი მიტოვებულ ხის სახლში, დაახლოებით ორი კვირის წინ, თვითნებურად შევიდნენ და იქ ცხოვრებას მხოლოდ 40 დღე აპირებდნენ, ვიდრე ოჯახი გარდაცვლილ ბიძას გამოიგლოვებდა.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე ვერ დაადგინეს თბილისიდან ჩასულმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის ორი სავარაუდო მიზეზი ვრცელდება. ერთის მიხედვით ცეცხლი ბუხრიდან, მეორე ვერსიით კი სანთლისგან გაჩნდა. ხის ორსართულიანი სახლი თითქმის სრულადაა დამწვარი. 

ხანძრის ჩაქრობას 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 25 თანამშრომელს ცეცხლის ლიკვიდაციისთვის რამდენიმე საათი დასჭირდა. 

ტრაგედიის შემდეგ განხილვის თემა გახდა ოჯახის სოციალური მდგომარეობა და სტატუსი. რატომ ცხოვრობდა მრავალშვილიანი ოჯახი მიტოვებულ სახლში, ეხმარებოდა, თუ არა მათ ადგილობრივი ხელისუფლება. ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სოციალურ დახმარებას ისინი ყოველთვიურად იღებდნენ.

"ერთდერთი სტატუსის ცვლილება ოჯახისთვის იყო ოქტომბრიდან დეკემბრის თვემდე, როდესაც მოხდა კიდევ ერთხელ განვმარტავ მათი აბონენტის ნომერის მინიჭება და შესაბამისად, სამი თვის განაცდური, 2040 ლარის ოდენობით, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ერთად აიღეს,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური.

"ფართი მათ ჰქონდათ გამოყოფილი და მერიის ყველა შესაბამისი პროგრამით, რაც სოციალური კუთხით იყო გამოყოფილი სარგებლობდნენ,"- აცხადებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე.

ხანძარი ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამის 11 საათზე გაჩნდა. ცეცხლი სახლს იმდენად სწრაფად მოედო, ადგილობრივებმა შენობაში მყოფი ადამიანების დახმარება და გარეთ გამოყვანა ვერ მოასწრეს.

დღის ამბები