05 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
იმპიჩმენტის მარცხი - რა მოიგო ტრამპმა და რა წააგეს დემოკრატებმა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში რიგით მესამე მცდელობა მოქმედი პრეზიდენტის ძალაუფლებისგან მოსაშორებლად ვერ განხორციელდა: დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი ოპონენტების მიერ წარდგენილი ბრალდებები რესპუბლიკელთა კონტროლირებადმა სენატმა არ აღიარა. 

48 სენატორმა ხმა მისცა დონალდ ტრამპის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გასასამართლებლად. 52 სენატორმა აშშ-ის პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო. იმპიჩმენტის შესასრულებლად ტრამპის ოპონენტებს ხმების  2/3 იყო საჭირო.

კონგრესმენების ხელის შეშლაში აშშ-ის პრეზიდენტი დამნაშავედ 47-მა სენატორმა მიიჩნია, 53-მა კი იმპიჩმენტის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ ორივე კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სენატორმა პირველი სტატიის იმპიჩმენტს ხმა დაუჭირა, ხოლო მეორე ბრალდებას არ დაეთანხმა.

რა უძღოდა წინ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას - მოსალოდნელი მარცხი..

იმის შესახებ, რომ სექტემბრის თვეში დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი მარცხით დასრულდებოდა, დემოკრატების ლიდერები ჯერ კიდევ სენატში მოსმენების დაწყებამდე საუბრობდნენ.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს NBC-ის პირდაპირ ეთერში სენატორმა დემოკრატმა კრისტოფერ კუნსმა განაცხადა, რომ ის ძალიან ღელავს იმაზე თუ რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი კონგრესის ზედა პალატაში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. იმაში, რომ სწორედ რესპუბლიკელები მოითხოვდნენ დაჟინებით ტრამპის გამართლებას, სენატორ კრისტოფერ კუნსს ეჭვი არ ეპარებოდა.

"თუ სენატის რესპუბლიკური უმრავლესობა უარს იტყვის ტრამპის იმპიჩმენტზე, იგი მიიღებს შეუზღუდავ უფლებამოსილებას," - ურჩია კუნსმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტის ქცევა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდებოდა.

როგორც ჩანს, სენატორის შიშებს კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსიც იზიარებდა, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა საკუთარი პარტიის წევრების დარწმუნება ტრამპის იმპიჩმენტის ინიციატივისთვის.

ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში მან გაიხსენა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების უთანხმოება, რაზეც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლებისგან მოხსნა ქვეყნისთვის შესაძლოა, დამანგრეველი ყოფილიყო. დიდი ალბათობით, სპიკერს არანაირი ილუზიები არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება დასრულებულიყო აღნიშნული პროცესი.

რა მოიგო ტრამპმა?

იმის შესახებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი კენჭისყრის შემდეგ სენატში საკუთარ გამარჯვებაზე ხმამაღლა გამოაცხადებდა, დემოკრატებს ეჭვი არ ეპარებოდათ.

"ჩვენ ყველა ვიცნობთ პრეზიდენტს," - დემოკრატმა სენატორმა დიკ დარბინმა The Hill-ის ვაშინგტონის გამოცემას დეკემბრის თვეში განუცხადა- "თუ სენატი არ მიიღებს 67 ხმას მისი დაუყოვნებლივი გადადგომისთვის, ის იტყვის, რომ ეს იყო "ჯადოქრებზე ნადირობა" და გამოაცხადებს თავის გამართლებაზე," - დასძინა დიკ დარბინმა.

სენატის კენჭისყრის შესაძლო შედეგის კომენტირებისას, კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსი არაერთხელ ამბობდა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპი ნებისმიერ შემთხვევაში შევა ისტორიაში, როგორც აშშ-ს მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართაც იმპიჩმენტი იყო გამოცხადებული.

პოლიტოლოგების თქმით, სენატში გამართული კენჭისყრის შედეგებს დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო რბოლაში გამოიყენებს.

"ის ამ გამარჯვებას გამოაცხადებს. მისი მომხრეები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ ისინი ხმას აძლევენ ნამდვილ გმირს, რომელმაც გამოწვევა გაუგზავნა ვაშინგტონის ისტებლიშმენტს," - აღნიშნა უნივერსიტეტის პროფესორმა სტონი ბრუკმა.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ იმპიჩმენტის მცდელობა ისეთი ახალი ამომრჩევლების ხმებს აჩუქებს, რომლებიც ამ დრომდე გარკვეულნი არ იყვნენ საკუთარ არჩევანში," - განაცხადა პოლიტოლოგმა ჯონატან სანდერსმა.

პოლიტოლოგები დარწმუნებით აღნიშნავენ, რომ იმპიჩმენტის მარცხს აშშ-ს პრეზიდენტი გამოიყენებს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ მის მიერ შერჩეული ქვეყნის მართვის სტრატეგია ეფექტური იყო.

რა წააგეს დემოკრატებმა?

მას შემდეგ, რაც სენატში მოსმენები დაიწყო, CNN-მა საკუთარი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 51% ტრამპის გადაყენების მომხრეა. მსგავსი შედეგები სხვა გამოკითხვებმაც აჩვენა.

აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის ჯონ ბოლტონის განცხადებებმა, დემოკრატების მოლოდინების მიუხედავად, მათი მოწინააღმდეგეები ვერ დაარწმუნა. ბოლტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა თავად გასცა ბრძანება უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეეჩერებინათ. ბრძანების მიხედვით, უკრაინას სამხედრო დახმარება მხოლოდ მას შემდეგ აღუდგებოდა, როგორც კი ოფიციალური კიევი თანხმობას განაცხადებდა ახალი გამოძიების დაწყებაზე, როგორც ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, ასევე 2020-წლის არჩევნების შესაძლო მოწინააღმდეგეს ჯო ბაიდენის მიმართ.

ტრამპის ადვოკატის რუდოლფ ჯულიანის ყოფილმა თანაშემწე ლევ პარნასმა გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპი უკრაინაში ელჩის, მარი იოვანოვიჩის, თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვდა. გამოქვეყნებული მასალა ასევე ადასტურებდა იმასაც, რომ დონალდ ტრამპი თანაშემწეებთან ერთად განიხილავდა თეორიას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ჩარევაში არა მოსკოვი, არამედ კიევი იდგა.

ამერიკული სპეცსამსახურების მტკიცებით, სწორედ ამ თეორიის გავრცელებას უწყობდა ხელს რუსეთის ხელისუფლებაც.

ახალმა მტკიცებულებებმა ამერიკელების განწყობაზე არ იმოქმედა.

სოციოლოგების აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის გადადგომის მომხრეების რაოდენობა სენატის მოსმენების დროს გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა თითქმის დემოკრატების ხარჯზე იყო მიღწეული. FiveThirtyEight პროექტის ანალიტიკოსების აზრით, რომელიც ყველა გამოკითხვის შედეგებს აჯამებს, ამერიკელები სენატში მიმდინარე დისკუსიებს ყურადღებით არ აკვირდებოდნენ.

ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, დღესდღეობით ტრამპის გადადგომას ამერიკელების ნახევარზე მეტი ემხრობა- 50,2%. ხოლო წინააღმდეგია გამოკითხულთა -45,2%.

რატომ დაიწყეს დემოკრატებმა იმპიჩმენტის პროცესი?

2018 წლის შემოდგომაზე ჩატარებული შუალედური კონგრესის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ სენატი რესპუბლიკური კონტროლის ქვეშ  დარჩა. კონსტიტუციის მიხედვით, კონგრესს მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება აქვს. პრეზიდენტის გადადგომის გადაწყვეტილება სენატორების ხმების 2/3 უნდა დაამტკიცოს. დემოკრატებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატაში 100-დან მხოლოდ 47 ადგილი აქვთ და ამიტომაც, თეთრი სახლიდან ტრამპის შესაძლო წასვლის საკითხს მისი ყველაზე მძაფრი მოწინააღმდეგეებიც კი არ განიხილავდნენ.

თავად ტრამპი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობა სენატში მას გაამართლებდა. რესპუბლიკელთათვის კი საპრეზიდენტო არჩევნების წელს პარტიის პრესტიჟი და იმიჯი სასწორზე დგებოდა და ამიტომაც, პრეზიდენტის დამარცხება მათთვის მარცხის ტოლფასი იქნებოდა.

სტატია მომზადებულია BBC-ის მასალებზე დაყრდნობით.

მოამზადა - მარიამ დარასელიამ 

დღის ამბები