05 მაისი 2024,   15:21
ვრცლად
საპროტესტო აქცია მარნეულის პოლიციის შენობასთან - ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა რაშიდ ზიადალიევის დაკავება გააპროტესტეს

მარნეულელი აქტივისტის, რაშან ზიადალიევის დაკავების, გამო აქცია გაიმართა მარნეულში. ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობის წევრები პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რაშან ზიადალიევზე სამართალდამცავები უკანონო თვალთვალს ახორციელებენ და ეს უნდა შეწყდეს.

თავად რაშან ზიადალიევის თქმით კი, პოლიციელები ამ ხერხით ცდილობენ სხვა აქტივისტები გააფრთხილონ, რომ არ იყვნენ აქტიურები, რადგან მათ წინააღმდეგაც შესაძლოა სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

"პოლიციელების მიზანია, აქტივისტები აქტიურები არ იყვნენ და ფიქრობენ, რომ რაშანი იქნება გამაფრთხილებელი მაგალითი," - განაცხადა რაშან ზიადალიევმა.

როგორც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნავს, სასამართლო პროცესზე ეცდება მოსამართლეს საქმის ის მხარე დაანახოს, სადაც ნათლად ჩანს, რომ სამოქალაქო აქტივისტს დევნიან.

"ჩვენ ხვალ ვეცდებით სასამართლოს დავანახოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რიგითი სამართალდარღვევის საქმე, არამედ ვეცდებით დავანახოთ, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივისტს მორიგი დევნა," - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტი პოლიციამ გააჩერა და მისთვის ფოტოს გადაღება სცადა, რისი უფლებაც ზიადალიევმა სამართალდამცველებს არ მისცა.

ამის შემდეგ ის რამდენიმე საათით დააკავეს. ზიადალიევი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აქტიური მოქალაქეების დაშინება სურს.

ფაქტზე საქმე ადმინისტრაციული კოდექსით, დაუმორჩილებლობის მუხლით არის აღძრული. სასამართლო 10 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები