03 მაისი 2024,   04:19
ვრცლად
"ცდილობენ, თავიანთი ულტიმატუმი გაასაღონ კომპრომისად" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან კონსულტაციებზე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უმრავლესობა კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ოპოზიციისგან პასუხს საკუთარ შეთავაზებაზე ელოდება. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით კი, მათ ოპონენტებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს, რომელიც არ არის დაფუძნებული მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებზე. 

"ჩვენ დავთმეთ და იმ პოზიციიდან, რომელსაც ერქვა 77/73-ზე გადავდგით ნაბიჯი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, 100/50-ზე. ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. მათ ე.წ. გერმანული მოდელის გარდა, რომელიც ითვალისწინებს მაჟორიტარულ ნაწილში ავღანურ ელემენტებს, არანაირ სხვა წინადადება არ წარმოუდგენიათ. ისინი დგანან საწყის პოზიციაზე და ცდილობენ, თავიანთი ულტიმატუმი გაასაღონ კომპრომისად, თუმცა ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.   

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მათ მიერ შეთავზებულ ვერსიას კომპრომისულს უწოდებს და ამბობს, რომ უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის.

"აუცილებელია დიალოგი და ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ამიტომაც, ჩვენ არ დავხურეთ კარი დიალოგისთვის. ამიტომ არის ჩვენს მიერ შეთავაზებული ვერსია კომპრომისული და არა ისეთი, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება მიუღებელი. ჩვენი ვერსია ეფუძნება სწორედ არა ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან განვითარებას," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში იკრიბება. მთავარი თემა ის ახალი ინიციატივაა, რომელიც ლიდერებმა ხელისუფლებას, სავარაუდოდ მიმდინარე კვირას დიალოგის ბოლო რაუნდზე უნდა შესთავაზონ.

საუბარია ახალ პროექტზე, რომელშიც გათვალისწინებულია ხელისუფლების შეთავაზების ნაწილი, შენარჩუნებულია მაჟორიტარობის კომპონენტიც, მაგრამ ის უფრო ახლოს არის პროპორციულთან.

 

დღის ამბები