03 მაისი 2024,   09:09
ვრცლად
სუსის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში დღემდე არსებული და სამომავლო თანამშრომლობისთვის.

"ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ჩვენს შორის არსებულ ღრმა თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიდი ხნის მანძილზე არსებობს. ასევე, ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთის იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს პროგრესის წინააღმდეგ. ასევე იმ საშუალებებზე, რომლებიც დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, რაც ასე ართულებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებას. ამ კუთხით, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის თვალსაზრისით, არსებობს არაერთი სფერო," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები