06 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ

პროკურატურის მიერ ბანკი "ქართუს" საქმეზე ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი სარჩელის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიები მმართველი გუნდის წევრებისთვის გაუგებარია. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და იქვე აღნიშნა, რომ სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოებია.

"მე თქვენგან მესმის ეს საკითხი, რომ პროკურატურამ იშუამდგომლა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არ ვიცი. ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის თანახმად, პოლიტიკოსი ვერ გიპასუხებთ იმ საკითხთან დაკავშირებით რაზეც არც წვდომა მაქვს და არც ვარ ჩართული იმ პროცესში, რომელიც ეკუთვნის დამოუკიდებელ ინსტიტუციურ ორგანოს, იქნება ეს პროკურატურა თუ სასამართლო,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა. 

"მე არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი ან ვინ იქნება მანამდე და ა.შ. პირდაპირ გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს რომელ საქმეში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, წარმოდგენა არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს," -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დღის ამბები