06 მაისი 2024,   07:13
ვრცლად
ოპოზიციას არ სურს ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე, რომ მოპარულია 50 მილიონი ბიუჯეტიდან - კახა კალაძე

"ევროპარლამენტარებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში ჩამობრძანდნენ და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია" - ამის შესახებ კახა კალაძემ გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას სტრასბურგში განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც სპეციალური მისიით თბილისში ჩამოვა და გიგი უგულავას საქმეს მოიკვლევს, დარწმუნდება, რომ საქმეში პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნები არ იკვეთება. კახა კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებს არ სურთ ევროპარლამენტარებმა სრული სიმართლე გაიგონ, რეალურად რა ხდება გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით.

"ადამიანებს, ევროპარლამენტარებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ჩამობრძანდნენ და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია. გუშინ, ჩვენი ამ ინიციატივის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის წევრები როგორ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რა განცხადებებს აკეთებდნენ და ესეც, რა თქმა უნდა, ცხადია  და ყველასთვის ნათელია, რომ მათ არ აქვთ სურვილი იმისა, რომ ევროპარლამენტარებმა გაიგონ სიმართლე, რეალურად, რა ხდება ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ მოპარულია 50  მილიონი ბიუჯეტიდან, ხალხის ფული. თუმცა, ჩვენ ჩვენს სიმართლეს, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა კახა კალაძემ. 

ინიციატივის შესახებ  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ საკითხის როგორც არსებითი, ასევე პროცედურული მხარე. 

"მთავარია ჩვენი ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარებს ეძლევათ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში და შეისწავლონ ამ საკითხის დეტალები, როგორც არსებითი მხარე, ასევე პროცედურული მხარე. ბუნებრივია, ეს შესწავლა ყველაფერს მოჰფენს ნათელს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ძალიან განერვიულდნენ, როდესაც გაიგეს ამ ინიციატივის თაობაზე. ყველაფერს მოეფინება ნათელი, ასევე იმისაც, რომ ეს არ იყო ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ შეფარდებული სასჯელი. გიგი უგულავა, რომელიც იპარავდა მოსახლეობის 48 მილიონს, არ იმსახურებს ოპერაციას რიგითი კორუმპირებულების გადასარჩენად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები