06 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
"ქართული ოცნების" დიპლომატიის სრული კრახი - კახიძის განმარტება, რატომ ჩავარდა ასოცირების კომიტეტზე საქართველოს შესახებ დოკუმენტი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული დოკუმენტი ევროპარლამენტმა ჩააგდო.

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის თქმით, რომელიც ამ კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენელია, "ქართული ოცნება" საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის და დოკუმენტის ჩავარდნა არის ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი გაფრთხილება. კომიტეტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოთარ კახიძე ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"ევროპარლამენტში ასოცირების კომიტეტის ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა. მოგეხსენებათ,  ასოცირების შეთანხმების ფარგლებში არსებობს კომიტეტი, სადაც ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრები არიან წარმოდგენილი. ტრადიციულად სხდომები იმართება და მიმდინარეობს შეფასება, როგორ მიდის ასოცირების შეთანხმების პუნქტების შესრულება, შემდეგ ხდება დეკლარაციის ტექსტის მიღება. დეკლარაციის ტექსტის მისაღებად საჭიროა ევროპარლამენტის წარმომადგენლობის უმრავლესობა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის უმრავლესობა, ტრადიციულად ასე ხდება ტექსტების მიღება.

"ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა ტექსტი, რომელიც იყო ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან უცნაური. საუბარი იყო პროგრესზე და იმაზე, რომ მთლიანობაში ყველაფერი არის კარგად და მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია თურმე. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან კრიტიკა. მე და სალომე სამადაშვილი ვართ ოპოზიციიდან წარმოდგენილი ამ კომიტეტში. მოვამზადეთ ცვლილებების პროექტი. ასეთი პროცედურაა და შემდეგ ამ ცვლილებას ეყრება კენჭი. კენჭისყრა არის ორმხრივი, ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს, შემდეგ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ და ორივემ უნდა დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ ცვლილება გავიდეს.

ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, მხედველობაში გვაქვს ავთანდილ წერეთელი, ნიკა გვარამია, გიორგი რურუა, გუმბარიძე, ასევე იყო 20 ივნისის ამბები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ყველა ეს ცვლილება ჩვენ გავიტანეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ყველა ცვლილებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" რა თქმა უნდა, ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა. მათ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი და შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი, როდესაც ევროპარლამენტარების მიერ დაყენებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.

ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები ამ კომიტეტში და ყველა ცვლილება ჩაუგდეს მათ. ამის შემდეგ, დადგა საბოლოო ცვლილების დროც და საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხრა უარი. ეს არის უპრეცედენტო ამბავი. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება, ეს არის სრული კრახი "ქართული ოცნების" დიპლომატიის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ქართული ოცნება" წარმოდგენილი იყო დელეგაციის გარდა პარტიის "ლიდერშიფით". აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე მართავდნენ გუშინ შეხვედრებს და ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარები რაღაცაში დაარწმუნეს, რაშიც დაარწმუნეს, ვნახეთ. ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება. ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ, საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიის გულშემატკივრები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან მით უმეტეს ოლიგარქის, რომელსაც სახელმწიფო აქვს მიტაცებული." - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები